ვაზიანის საარტილერიო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, 31 წლის სერგო ჯიმშერაშვილის მძიმე მდგომარეობაშია; ის თავის მძიმე დაზიანებით, მეთორმეტე დღეა კომატოზურ მდგომარეობაშია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული თავდაპირველად მარნეულის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს, თუმცა, დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა.
ინციდენტი 25 მაისის ღამეს მოხდა. ჯარისკაცები ნორიოს ღვთაების მამათა მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ტყეში გაჩერდნენ, რა დროსაც მათ შორის ინციდენტი მოხდა...
საქმეზე ერთი ჯარისკაცია დაკავებული, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ სერგო ჯიმშიაშვილს რამდენიმე ჯარისკაცმა და მეთაურებმა სცემეს.
მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი სამხედროს თქმით, "ერთის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედროზე თავდასხმა და ჩხუბი გამორიცხულია... უბრალოდ, ყველანი ნასვამები იყნენ. მათ შორის, დაშავებულიც და მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. არ ვიცი, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი რა იყო და პირველად იჩხუბეს თუ არა, მაგრამ ყველანი ნასვამები იყვნენ გაშველება-გაზავებაში ვერ მოზომეს...
რაც შეეხება იმას, რომ მის ცემაში მეთაურებიც მონაწილეობდნენ, ტყუილია... არ ვიცი, ვის სჭირდება ყველაფრისთვის რაღაც განსაკუთრებული იარლიყის მიწებება, - ნასვამობის ნიადაგზე დაწყებული ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი იყო, რომელიც მოსალოდნელზე მძიმე შედეგით დასრულდა. დარტყმის დროს არავინ ფიქრობს, მსუბუქად დაარტყას" - ამბობს ჯარისკაცი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მაისს სერგო ჯიმშერაშვილი დათხოვნაში იყო და ინციდენტი სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება.
შსს-ს ინფორმაციით კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულსხმობს.