ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში თავდასხმის დროს განსაკუთრებული სისასტიკით დაჭრილი 35 წლის იზოლდა აბაშიძე საავადმყოფოდან გაეწერა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი მედიკოსების გამარჯვება, რომლის ჯილდოც გადარჩენილი სიცოცხლეა - 27 მაისს, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ლიფტში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი დღეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან გაეწერა.
იზოლდა აბაშიძე უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს კლინიკაში. მას 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულსა და ფილტვებში. კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც წამები ყველაფერს წყვეტს, ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად ბრძოლა ემერჯენსიდან დაიწყო (ექიმი თეონა ბაღაღოშვილი) და საოპერაციოში გაგრძელდა, სადაც ერთდროულად სხვადასხვა მიმართულების ექიმთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. კარდიოქირურგებმა მაჰირ ბალაქიშიევმა და ირაკლი ოქროპირიძემ, ნეიროქირურგმა ბექა გორგილაძემ, ქირურგებმა გიორგი მიქელაძემ და გოდერძი ბოლქვაძემ, ანესთეზიოლოგმა შალვა ბაშარულმა, რეანიმატოლოგმა დავით გონაშილმა, უმცროსმა ექიმებმა, საოპერაციოსა და რეანიმაციის ექთნებმა, სისხლის ბანკმა და ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რადიოლოგმა ნინო აბულაძემ ერთობლივად, მართლაც რომ, შეუძლებელი შეძლეს. სასწაული, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია, მათი მაღალი პროფესიონალიზმისა და ოპერატიულობის, გუნდურობისა და კრიტიკული სიტუაციის მართვის შედეგია.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ადმინისტრაცია მადლობას გამოხატავს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა პაციენტის გადარჩენაში და ამაყობს მათი პროფესიონალიზმით", -აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს ბათუმში აღმაშენებელზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაშავებული ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცი ქალისთვის ოქროს ყელსაბამის წართმევას ცდილობდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა ფაქტზე 1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.