ავტორი:

დიზაინერი, რომელმაც მაკა ჩიჩუა პოდიუმზე გამოიყვანა: "რთულია 50 კაცს ჩააცვა ერთ კვირაში..."

დიზაინერი, რომელმაც მაკა ჩიჩუა პოდიუმზე გამოიყვანა: "რთულია 50 კაცს ჩააცვა ერთ კვირაში..."

გიორგი ნადირაძეს სატელევიზიო სფეროში, და არა მხოლოდ, კარგად იცნობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, არქიტექტორობა სურდა და ჩააბარა კიდეც, თუმცა ეს პროფესია უპერსპექტივოდ მოეჩვენა და სამხატვრო აკადემიაში სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო. არის ავანგარდული მოდის ასამბლეის "ამა"-ს დამფუძნებელი და არაერთი ცნობილი მოდელი სწორედ მან აღმოაჩინა. სხვადასხვა დროს წარმატებულ სატელევიზიო შოუებზე მუშაობდა, დღეს კი „იქს ფაქტორის“ სასცენო გაფორმებაზე და კოსტიუმებზე ზრუნავს.

- სკოლის დამთავრების შემდეგ არქიტექტურულზე ჩავაბარე, ორი წელი ვსწავლობდი, მაგრამ ქვეყანა დაინგრა და ამიტომ გადავწყვიტე სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა. უფრო ხელოვნების და ბიზნესის თანხვედრა დავინახე ამ სფეროში. ესეც არქიტექტურაა, ოღონდ ტანსაცმლის.

- 90-იან წლებში ბიჭის დიზაინერობას ოჯახი ალბათ ძალიან რთულად აღიქვამდა, თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ არჩევანს?

- არანაირი უარყოფითი რეაქცია არ იყო. არც არასდროს ჩარეულან ჩემს საქმეში და ამჯერადაც მშვიდად მიიღეს ჩემი არჩევანი. მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ ავანგარდული მოდის პირველი ფესტივალი. მე ვიყავი ორგანიზატორი და სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში მოდის ინდუსტრია. ამ ფესტივალის შექმნის იდეა გელა კუპრაშვილს ეკუთვნოდა, ბალტიისპირეთში იყო ჩასული და როცა იქედან დაბრუნდა, თქვა, ფესტივალი გავაკეთოთო. ორი წელი ვატარებდით ფესტივალს, მერე უკვე ფინანსური კრიზისი დაგვიდგა და ვეღარ გავაგრძელეთ.

ფინანსურად არავინ გვეხმარებოდა, დამფუძნებლები ვხარჯავდით რაც გვქონდა, უფრო ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ბევრმა ქართველმა დიზაინერმა სწორედ აქ აიდგა ფეხი, მაგალითად ავთო ცქვიტინიძე პირველად ამ ფესტივალზე გამოჩნდა. ზალიკო ბერგერი და სხვები. მასშტაბური ფესტივალი იყო, ხალხი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

- თქვენ რა კუთხით მუშაობდით ამ ფესტივალზე?

- ბევრი პროფესიონალი დიზაინერი არ იყო მაშინ საქართველოში, მე ფესტივალის მხატვრულ მხარეზე ვმუშაობდი, რჩევებს ვაძლევდი დიზაინერებს როგორი სახე ექნებოდა საბოლოოდ კოლექციას. ბევრი ინფანტილური იდეით მოდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გვინდოდა ამ საქმის კეთება ყველაფერი გამოგვდიოდა.

პირველად ფესტივალი 1995 წელს ჩავატარეთ, გახსოვთ ალბათ რა დრო იყო, რა ხდებოდა ქვეყანაში, ყველაფერს უფასოდ ვაკეთებდით. მაშინ გაჩნდა სამოდელო სააგენტო „ნატალი“, არაერთმა ცნობილმა მოდელმა სწორედ მაშინ აიდგა ფეხი. ძირითადად კეთილი სურვილებით ვაკეთებდით ამ საქმეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ფულის გამო „გვახრჩობდა“. დღეს რომ იგივე მასშტაბის ფესტივალი გააკეთო, გაცილებით ძვირი დაჯდება. ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მეორეც, ძალიან რთულია გაიკვალო ამ დროში გზა, უკვე სხვა რაღაც სირთულეებს შეასკდები, რომლებიც დღეს გადაულახავად მეჩვენება, მაშინ არ იყო ეს. კი გვაქვს ქვეყანაში ორი მოდის კვირეული, მაგრამ ავანგარდული მოდა არ არის ბიზნესზე გათვლილი და არც მარტივად შესაქმნელი არ არის ავანგარდული სამოსი. ბაიარებს არ აინტერესებთ ასეთი სამოსი, მოტივაციაც აღარ აქვს ხალხს ასეთი საქმე გააკეთოს.

თვალს ვადევნებ აკადემიის სტუდენტებს და კრეატივი არ აკლია ახალ თაობას, ჩვენს დროს თუ მხოლოდ ვხატავდით და შეხება არ გვქონია ნაჭერთან, დღეს გაცილებით კარგი სწავლის პირობები აქვთ, მაგრამ ბევრი უნდა გადაუხადო დიზაინერს ავანგარდული სამოსისთვის.

- თქვენს დროს როგორ ისწავლებოდა დიზაინი?

- ჩემს დროს ისწავლებოდა ქაღალდზე. იმიტომ რომ მასალა არ არსებობდა, ფაქტიურად. მასალაზე შეხება მქონდა დიპლომი როცა გავაკეთე მაშინ, მანამდე ბიაზის მეტი არაფერი მჭერია ხელში. ტყავის და ფეხსაცმლის დიზაინზე ვსწავლობდი, მაგრამ ტყავის მასალაზე მუშაობა წარმოუდგენელი იყო. დღეს რამდენიმე ჩემი ყოფილი ჯგუფელი ასწავლის სამხატვრო აკადემიაში და სხვანაირად მიყავთ კურსი. იდეების დონეზე განვითარებას ასწავლიან, ვთქვათ მოცემულობა არის ბოთლი, ამის მიხედვით ხდება კოლექციის განვითარება. დიზაინერობა არის იდეა და თუ ამ იდეას ტექნიკურად ვერ მოარგებ კონსტრუქციას, გაუმართლებელია.

- მაკა ასათიანიც თქვენ აღმოაჩინეთ?

- მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე ჩემი ჯგუფელები იყვნენ და მერე გადავიდნენ სასწავლებლად პარიზში.

- განვითარდა ქართული მოდა და დიზაინერების ხედვა?

- რა თქმა უნდა, განვითარდნენ. ყველაზე ვერ იტყვი, რომ ნიჭიერია. ზოგი კარგი მკერავია და ზოგი დიზაინერი, დიზაინერობა ის არ არის, კარგად შეკერილი სამოსი აჩვენო მაყურებელს. არც ჟურნალში მოწონებული სამოსის შეკერვაა დიზაინერობა. დიზაინერი დროის გულისცემას უნდა მიყვებოდეს.

- ვინ მიყვება ეხლა დროის გულისცემას ქართველი დიზაინერებიდან?

- ვერ ვიტყვი და არც მახსენდება, წელს არ მიმიდევნებია თვალი მოდის კვირეულებისთვის.

- მაშინდელ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ მოდის სფეროში ბევრი ინტრიგები იხლართებოდა, ასე იყო?

- დიზაინის სფეროში, ალბათ იყო, უბრალოდ მე ინტრიგებში არ ვერთვები, ან არასდროს ჩემთან არ მოდიოდა ეს ამბები.

- როგორ განვითარდა ფესტივალის შემდეგ თქვენი ცხოვრება?

- ტელევიზია იყო მაინც ჩემი პირველადი სამსახური. „რუსთავი 2“-ში დავიწყე მუშაობა, იმ დღიდან ვმუშაობდი ამ არხზე როცა რუსთავიდან თბილისში გადმოვიდა.

ვიყავი კოსტიუმების მხატვარი და სტუდიებსაც მე ვაწყობდი. ჩემი განათლება მაძლევდა დეკორაციებზე მუშაობის საშუალებას, 2005 წელს წამოვედი „რუსთავი 2“-დან, პაუზა მქონდა და 2014 წელს „იქს ფაქტორში“ დავბრუნდი. დღეს უკვე „იმედზე“ ვართ და აქ ვაკეთებ „იქს ფაქტორს“.

- რითი არის საინტერესო მეგა შოუები?

- მეგა შოუ დიზაინერებისთვის ძალიან საინტერესოა. ბევრი ვერ უძლებს ესეთ რიტმს, რთულია 50 კაცს ჩააცვა ერთ კვირაში, თან მოიფიქრო, თან ჩააცვა თან შეასრულო - ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, მაგრამ ეჩვევი და ყველაფერს კარგად ანაწილებ. ძირითადად პრეტენზიულ ხალხთან მიწევს მუშაობა, მაგრამ მაინც ჩემი გამაქვს ბოლოს. ყოველთვის ვცდილობ სექსუალურობას და ვულგარულობას შორის ზომიერება დავიცვა და სამოსი გამაღიზიანებელი არ იყოს მაყურებლისთვის. ყველა ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და უნდა იცოდე ვის რა მოუხდება.

- მეგაშოუების წამყვანების, მენტორების და კონკურსანტების ჩაცმულობაში, რამდენად ითვალისწინებთ წლის მოდის ტენდენციებს?

- რა თქმა უნდა, ძირითადად ტრენდულ სამოსს ვქმნით. ეკრანზე მხოლოდ სიმღერა არ ისმის, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. რთულია კონკურსანტების დათანხმება მათთვის უჩეულო სტილის სამოსზე, ვიღაცას ჰქონია ყელს თუ გაუკეთებ სამოსს, სიმღერაში შეეშლება ხელი, ვიღაცას შეყვარებული უკრძალავს ცოტა თამამ სამოსს და ა.შ. მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, მთანხმდებიან და ზოგს აქ შერჩეული იმიჯი აქვს მთელი ცხოვრება.

- ცნობილია რომ მაკა ჩიჩუა ხშირად გეკითხებათ რჩევებს რა ჩაიცვას, პრეტენზიულია პირველი ლედი?

- მე და მაკას წლების მეგობრობა გვაკავშირებს. ერთად ვსწავლობდით. აკადემიის დამთავრების დროს, სადიპლომო ჩვენებაზე სწორედ მაკა გამოვიყვანე როგორც მოდელი. ულამაზესი გოგო იყო, მუდამ სიამოვნებით იცმევდა ჩემს შექმნილ სამოსს. აკადემიის დასრულების შემდეგ, გავაგრძელეთ მეგობრობა. ნათქვამი აქვს, პოდიუმზე კიდევ თუ გავალ, შენს ჩვენებაზე გამოვალო.

- ახლა როგორ მოგწონთ, სულ ყურადღების ცენტრშია მისი ჩაცმულობა...

- მაკას ძირითადად სულ თავის გემოვნებით აცვია, მისი დათანხმება ექსპერიმენტებზე რთულია. ჭირვეულობა უყვარს. სანამ ფაქტის წინაშე არ დააყენებ, სულ გეწინააღმდეგება.

- პოდიუმზე, როცა გაგყავდათ მაშინაც ასეთი პრეტენზიული იყო?

- არა, მაშინ არა, ახლა იმიტომ გახდა ასეთი პრეტენზიული, ტელევიზიით ჩანს და სულ სხვა ცხოვრების სტილი აქვს - პირველი ლედია.

ჩემამდე მაკა ირინა თევზაძის ჩვენებაზე გამოვიდა, ეს მოხდა 1993 წელს მეტეხში. ამის შემდეგ ჩემს ჩვენებებზე გამოდიოდა. მეგაპროექტში ორჯერ მომიწია მაკასთან მუშაობა, როგორც დიზაინერს, ასევე ფილმზე ვიმუშავეთ ერთად, ეს იყო რუსუდან ჭყონიას ფილმი „გაიღიმე“.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს