„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე პირდაპირ კავშირშია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, მურთაზ ზოდელავამ დღეს გამართულ ბრიგინგზე აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების გაყალბების და განადგურების შესახებ ისაუბრა, ასევე აღნიშნა, თუ რა იყო ამის მიზეზი და ვინ აფარებს ხელს დამნაშავეებს.
მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, სოზარ სუბარის პროტეჟეს, სუბელიანს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები აქვს და საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში მისი გასაჯაროვებით იმუქრება. ასევე, ზოდელავას თქმით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანისა და დიმიტრი დარბაისელის გარდა, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
„მთავარი ფიგურა და მთავარი მონაწილე ამ დანაშაულებრივი სქემის არის ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი რომელიც არის რეალური ძალაუფლების მქონე და ყველაზე გავლენიანი და ადამიანი, რომელიც აკონტროლებს მთელ სახელმწიფო სისტემას. ხელშეუხებლობა მირზა სუბელიანის, ნიშნავს ხელშეუხებლობას სოზარ სუბარის, ხელშეუხებლობას ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და რაც მთავარია ხელშეუხებლობას ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა ყოფილმა პროკურორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ.