"იქს ფაქტორის" ლაივ-შოუები ტელეიმედზე დღეს იწყება. შოუში წელს განსაკუთრებით ძლიერი კონკურსანტები იღებენ მონაწილეობას, თუმცა პროექტის შექმენელების გადაწყვეტილებით, მუსიკალური ნომრები სანახაობრივად უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იქნება. პროექტის ერთ-ერთი მენტორი, ეპატაჟური თამთა გოდუაძე საქართველოში სწორედ "იქს ფაქტორისთვის" ჩამოვიდა და იმედი აქვს, რომ წელს შოუს აუცილებლად მისი გუნდი მოიგებს:
გადაცემამდე საკუთარი ემოციები თამთამ Ambebi.ge-ს მკითხველს გაუზიარა:
- ფოიერვერკებს ვპირდები დღეს მაყურებელს, ჩემი გოგონებისა და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს. მინდა რომ ოდესღაც "იქს ფაქტორის" გამარჯვებული გოგო იყოს და ვისურვებ წელს მოხდეს ეს, მე მინდა რომ გავიმარჯვო. ჯერჯერობით მივყვები მოვლენებს და ყველანაირად შევეცდები ჩემი გუნდის ნიჭი მეტად დავანახო ხალხს. ბევრ მომღერალზე დამწყდა გული, რომელიც წელს პროექტს მიღმა დარჩა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათ არაერთხელ მიეცემათ თავიანთი ნიჭის წარმოჩენის შანსი.
წელს შოუს წამყვანია შოუმენი დუტა სხირტლაძე. დუტა ამ პროექტში პირველად გამოჩნდება და პარტნიორობას გიგო შიუკაშვილი უწევს.
"დღეს შედგება ჩემი დებიუტი ამ შოუში, აქამდე "იქს ფაქტორის" წამყვანი არ ვყოფილვარ. ჩემი მეწყვილე იქნება გიგო შიუკაშვილი და ეს უფრო მახარებს. მშურს ვანიკო და რუსკა რომ არიან შოუს მთავარი წამყვანები და მე ოთახში ვარ, დაბოღმილი ვარ (იცინის). ყოველთვის ვუყურებდი ამ შოუს, ყველაზე მაგარი შოუა" - ამბობს დუტა ჩვენთან საუბარში.
შოუში დღეს პირველად გამოჩნდება გია ჯაჯანიძე."იქს ფაქტორის" წამყვანობა მისი ოცნება იყო.
- განსაკუთრებულად ველოდები დღევანდელ დღეს. მე ყოველთვის ვოცნებობდი ამ შოუს წამყვანობაზე და ეს ოცნება ამიხდა. ყოველ გადაცემაში სხვადასხვა ცნობილი ადამიანები მეყოლება სტუმრად, წინასწარ დადგმული სცენარით მე არასდროს ვმუშაობ, სრული თავისუფლება მომცეს და უბედნიერესი ვარ.