2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან და ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ, - ამის შესახებ გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. ამ წუთებში მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა2013“ გლდანის დეპოში გაფიცვას აწყობს.
„ფილტვის პრობლემის გამო, გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო იღუპებიან ეს ადამიანები. ჩემს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. 2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან. ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ და არც ერთი არ იყო ხანდაზმული. ეს ადამიანები 40-დან 60 წლამდე იყვნენ.ასევე არის ვიბრაცია და მომატებული რადიაცია იმ ელექტრული ველის გამო, რომელსაც მუშაობის პროცესში მივუყვებით; გვაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი, რის გამოც ხერხემლის პრობლემები გვექმნება; გვაქვს მხედველობის პრობლემები. მოგეხსენებათ, ნაკლებად განათებული გარემოდან მკვეთრად განათებულ გარემოში ანუ გვირაბიდან ღია ადგილზე გადასვლა თვალებზე ზეწოლას ახდენს. ახალგაზრდა ადამიანები მხედველობის პრობლემის გამო ჩვენთან სათვალით მუშაობენ; ასევე კაბინაში მომატებულია ხმაური, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას.
კიდევ ბევრი ასეთი ფაქტორის ჩამოთვლა შემიძლია, თუმცა, რაც ჩამოვთვალე ვფიქრობ საკმარისია იმისათვის, რომ ღირსეული ანაზღაურება მოვითხოვოთ“, - განაცხადა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უვადო გაფიცვას და შიმშლობას იწყებენ, რაც მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.
მეტროს მემანქანეები გაფიცვას ხელფასის მომატების მოთხოვნით აწყობენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან გაფიცვას მხოლოდ ის მემანქანეები აწყობენ, რომლებსც დღეს სამუშაო ცვლა უკვე დაუმთავრდათ.