პირველი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ". პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ლი მაისიდან აკრძალულ ტერიტორიაზე მოწევის შემთხვევაში ფიზიკური პირები 100 ლარით ჯარიმდებიდან, ხოლო დაწესებულება 500 ლარით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება.
საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა დაწესებულებებთან ერთად, თამბაქოს მოხმარება დაუშვებელია სასწავლო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსში. შესაბამისად შიდა რეგულაციები შეცვალეს უმაღლეს სასწავლებლებშიც.
როგორც ირკვევა, აკრძალვის შემოღების შემდეგ, შავი ზღვის უნივერსიტეტში დაფიქსირდა სტუდენტების აკრძალულ ადგილზე მოწევის რამდენიმე ინციდენტი, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებები მათ მიმართ არ განხორციელებულა. ირკვევა, რომ სტუდენტები ყველაზე ხშირად წვიმიან ამინდში არღვევენ რეგულაციებს და უნივერსიტეტის საპირფარეშოებს იყენებენ მოსაწევ ადგილად.
ამის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც აქვს. როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ზვიად ფიფია აცხადებს, კანონის შემოღების შემდეგ მსგავსი ინციდენტი მოულოდნელი არ ყოფილა.
„გარეთ გასვლა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს სტუდენტებში. იქამდე, სანამ კანონი ამოქმედდებოდა, ჩვენ გვქონდა შიდა რეგულაცია და მოწევისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადიოდნენ მწეველები. მაგრამ, მას შემდეგ რაც აიკრძალა მოწევა, იმ სპეციალურ ადგილზეც არ შეიძლება მოწევა (სასწავლო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსში აკრძალულია მოწევა - ავტ.). ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს შემუშავებული ალტერნატიული გეგმა, თუ სად ექნებათ წვიმიან და ქარიან ამინდში თამბაქოს მოხმარების შესაძლებლობა სტუდენტებს“ - განაცხადა ზვიად ფიფიამ.
მისი თქმით, უნივერსიტეტში სპეციალური მოწყობილობა, რომელიც თამბაქოს კვამლზე რეაგირებს, არ გააჩნიათ და კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ვიდეოთვალის საშუალებით.
საკითხზე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტთა აზრი ორად გაიყო - სტუდენტთა ნაწილი ეთანხმება ახალ კანონპროექტს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია თამბაქოს მომხმარებელთათვის არაკომფორტულია.
"ვთვლი, რომ სკოლა განსხვავდება უნივერსიტეტისგან, რადგან უნივერსიტეტში სრულწლოვანები სწავლობენ და უსამართლობაა აიკრძალოს მოწევა სრულ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით ზაფხულია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ტერიტორიის დატოვება, მაგრამ ზამთარში და სიცივეში ეს დიდ დისკომფორტს გამოიწვევს და ალბათ სტუდენტების ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება", - გვითხრა საუბრისას თამბაქოს მომხმარებელმა სტუდენტმა.
ის სტუდენტები, რომლებიც არ მოიხმარენ თამბაქოს, კმაყოფილები არიან ახალი კანონპროექტით.
"სასწავლებელში თამბაქოს სუნი იდგა და შენობაში მარტივად აღწევდა კვამლი. სასიამოვნოა, რომ თამბაქოს სუნი აღარ მხვდება, ლექციაზე დასწრებაც უფრო სასიამოვნო გახდა ჩემთვის, სიგარეტის ნარჩენებიც აღარ არის“ - განაცხადა ერთ-ერთმა არამწეველმა სტუდენტმა.
„მე მომწონს ეს კანონი, აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის ის ფაქტი, რომ მწეველის კვამლი არ უნდა გახდეს შემაწუხებელი არამწეველისთვის და არ უნდა ვაქციოთ ისინი პასიურ მწეველად“ - განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტმა.
რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თსუ-ს წარმომადგენელის თქმით, სასწავლებელის სრულ ტერიტორიაზე გაკრულია ამკრძალავი ნიშნები, სტუდენტები პასუხისმგებლობით მიუდგნენ ახალ კანონპროექტს.
„ჩვენს უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს კანონპროექტთან შეგუება, ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა მოწევის არც ერთი შემთხვევა. სიტუაციას აკონტროლებს დაცვის სამსახური და ასევე სპეციალური მოწყობილობა, რომელიც რეაგირებს ბოლზე და ხანძარზე“ - განაცხადა თსუ-ს წარმომადგენელმა თინათინ იზორიამ.
კიდევ ერთ უმაღლეს სასწავლებელში, კავკასიის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ თამბაქოსთან ბრძოლა კანონპროექტის ამოქმედებამდეც პრიორიტეტული იყო. სტუდენტებს ეკრძალებოდათ მოწევა სასწავლებელის ტერიტორიაზე და არც სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ჰქონიათ.
"ჩვენს უნივერსიტეტში 5 წელზე მეტია თამბაქოს მოხმარება აიკრძალა, სტუდენტები გარეთ ეწევიან და მათთვის არანაირ სირთულს არ წარმოადგენს ახალი კანონპროექტის გათვალისწინება. რა საკვირველია დაცვის სამსახური აკონტროლებს სიტუაციას" - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ნატა სომონიამ.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელის სოფია ნიორაძის თქმით, ბევრმა სტუდენტმა თავი დაანება თამბაქოს მოხმარებას.
"გვეამაყება ჩვენი სტუდენტების სერიოზული დამოკიდებულება, ბევრმა თავი დაანება, რაც ძალიან გვახარებს, დანარჩენი კი კეთილსინდისიერად იცავს კანონით გათვალისწინებულ პირობებს. კანონის ამოქმედებიდან 28 დღის შემდეგ არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა“ - აცხადებს ნიორაძე.
ავტორი: ნატალი მიხაილოვა