პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
„პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, აუცილებლად შეხვდება ზაზა სარალიძეს. რა თქმა უნდა, უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა.
"პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარმა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აქცია ისევ ძალაში დარჩება. "აქცია ძალაში დარჩება ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები და ამ საქმის გამყალბებლები“, – განაცხადა სარალიძემ.
იხილეთ ვიდეო: პატრიარქი ზაზა სარალიძეს, დღეს 16:00 საათზე შეხვდება