ბიჭი, რომელიც ზამთრის ერთ დილას სკოლაში წავიდა, სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა... დათო სარალიძე მისმა თანატოლებმა სიკვდილისთვის გაიმეტეს. მშობლებთან, კლასელებთან, მეგობრებთან ერთად, მთელი საქართველო 5 თვე ელოდა მკვლელის პოვნას და დასჯას. ძალიან რთულია, პირად ტრაგედიად არ აღიქვა მომხდარი.
31 მაისს, შუადღისას მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომელმაც დაადგინა, რომ მკვლელობის საქმეში მკვლელი არ არსებობს. აი ასე, მოკლული დათო სარალიძე არავის მოუკლავს. ეს საზარელი ამბავი კი ბიჭის მამისგან გავიგეთ. სასოწარკვეთილი, ცრემლიანი ზაზა სარალიძე მთელ საქართველოს ემუდარებოდა, მარტო არ დაეტოვებინათ და სამართლიანობის მისაღწევად მასთან ერთად დამდგარიყვნენ.
აქციებზე არასოდეს დავდივარ, ალბათ იმიტომ, რომ ორგანიზატორების გულწრფელობაში ყოველთვის ეჭვი მეპარება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იყო - შეუძლებელია, შვილმკვდარ მამას არ ენდო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, დათოს მკვლელი ციხეში უნდა წავიდეს, ამაზე ყველა შევთანხმდით, სოციალურ ქსელში აქცია დაიგეგმა და მეგობრებთან ერთად შევუერთდი.
პარლამენტთან ჯერ კიდევ მაშინ მივედი, როდესაც პროკურატურასთან შეკრებილები რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდნენ. ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო შეკრება. თავდაპირველად, უმეტესად, ახალგაზრდა თაობა მოვიდა. მოგვიანებით კი ნაკადში შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, არ გამოჩენილან ტელეეკრანზე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი ახლობლები. ვფიქრობ - არა უშავს, პოლიტიკოსებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მთავარია, მიკროფონთან არ მიუშვან, რა ესაქმებათ ოპოზიციონერებს შვილმკვდარი მამის აქციაზე მიკროფონთან?!
მალე ზაზა სარალიძეც მოვიდა. მის გვერდით ზვიად კუპრავა დავინახე. ადამიანი, რომლის სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აქციების სასტიკ დარბევებს უკავშირდება. თავს ვირწმუნებ - არა უშავს, შვილმკვდარი მამაა, დახმარება სჭირდება, ბავშვის მკვლელები დასასჯელები არიან... იწყება მოწოდებები, რომ დაკითხონ სასწრაფოდ მირზა სუბელიანი, გაათავისუფლონ მოსამართლეები... ხალხი ტაშს უკრავს.
მოთხოვნები სულ უფრო იცვლება. „გადადგეს პრემიერი!“; „გადადგეს მთავრობა!“; „ბიძინა, წადი!“; - აღარავის, საერთოდ აღარავის ახსოვს დათო სარალიძე, რომელიც სახლიდან გავიდა და ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. პატარა ბიჭი, რომლის მკვლელი ახლა, სავარაუდოდ, სახლში მოკალათებული კომპიუტერული თამაშებით ირთობს თავს. „გადადგეს ლევან იზორია!“; „გადადგეს თეა წულუკიანი!“; „გადადგეს გახარია!“...
მივხვდი, რომ სასტიკად მოვტყუვდი. „ფეისბუქზე“ შევდივარ, ვკითხულობ სხვა იმედგაცრუებულების სტატუსებს, რომლებიც ჩემსავით შვილმკვდარი მამის დასახმარებლად მოვიდნენ და პოლიტიკურ აქციაზე აღმოჩნდნენ. სახლებში დამძიმებულები მივდივართ...
პრემიერის მისვლას აქციაზე უკვე ტელევიზორით ვუყურე. უფრო სწორად, თვალებდახუჭული ვუსმენდი, ძალიან მრცხვენოდა მათ ნაცვლად, ვინც ბოთლებს ისროდა. სრულიად გასაგებია, არ უნდოდეთ გიორგი კვირიკაშვილის მოსმენა მათ, ვინც უსამართლობას აპროტესტებს, მაგრამ ბოთლების სროლა არ შეიძლება იყოს პროტესტის ფორმა.
საბოლოოდ, გავარკვიეთ რა სურდა პრემიერს - გამოძიება თავიდან დაიწყება, მთავარი პროკურორი გადადგა, საქმეში საპარლამენტო კომისია ჩაერთვება. მშვიდობიანი აქციის მოთხოვნები, „ნუ მომკლავ“ ნაწილობრივ შესრულებულია - ყოველ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ზეწოლას გააგრძელებს და სამართლიანობას მოითხოვს, ძალიან დიდია შანსი, მკვლელი დაისაჯოს. თუმცა რუსთაველზე კვლავ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. იზორიას წასვლას მოითხოვენ.
„ფეისბუქზე“ დაიდო ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ შეხვდა ზაზა სარალიძე რუსთაველზე მისულ პრემიერს - შვილმკვდარი მამა იმედიანად ეხვევა გიორგი კვირიკაშვილს, ხალხს მოუწოდებს, დამშვიდდნენ და პრემიერს მოუსმინონ. ბოთლების ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი, სარალიძე მიკროფონთან დგება და ამბობს, რომ პრემიერი მასთან თანაგრძნობის გამოსახატავად არ მისულა, „ის უნდა გადადგეს!“
მოლოდინი, რომ საზოგადოება საკუთარ ძალას იგრძნობდა, მიხვდებოდა, რომ პოლიტიკოსების გარეშეც შეგვიძლია ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, არ გამართლდა. რუსთაველზე ახლა კარვები დგას, სადაც მთელი ღამის მანძილზე დარჩა რამდენიმე ათეული ადამიანი. დღეს კოლონას დასავლეთ საქართველოდან ელოდებიან...
„მთავრობა უნდა გადადგეს!“ „ბიძინა, წადი!“ - ჩვენი ქვეყანა მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებს...
ნინო ბზიავას ბლოგი
ფოტოები: Urban Society, სოფო კოშაძე, IPN