რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც აქციის მონაწილეებს ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განუცხადა, ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სისტემური ცვლილებების გატარებამდე ის აქციის შეწყვეტას არ აპირებს. შესაბამისად, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი.
რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.