ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მთავარი პროკურატურიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით დაიძრნენ, უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. პარალელურად პარლამენტის შენობასთან უკვე შეკრებილნი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ელოდებიან ზაზა სარალიძის განცხადებას.ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეჩერებულია.
ნახეთ LIVE: რა ხდება რუსთაველზე, სადაც ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი.
ნახეთ ვიდეო: რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერების მსვლელობისას
რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.