მართალია ირაკლი შოთაძე გადადგა, მაგრამ ვიდრე მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება, ასევე პასუხისგებაში არ მიეცემა ირაკლი შოთაძე, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, -ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იქამდე იბრძოლებს, ვიდრე ყველა დამნაშავე პირი არ დაისჯება. ზაზა სარალიძემ ეს განცხადება მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ გააკეთა.
ნახეთ ვიდეო: ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა. ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.