ავტორი:

"სანამ წულუკიანი და შოთაძე არ გადადგება, არაფერი გვეშველება" - რა პრობლემები აჩვენა სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა

"სანამ წულუკიანი და შოთაძე არ გადადგება, არაფერი გვეშველება" - რა პრობლემები აჩვენა სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა

ვინ მოკლა პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწოვანი? - ამ მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. საქალაქო სასამართლოს განაჩენმა მთელი საქმე თავდაყირა დააყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა როგორც პროკურატურა, ასევე დაზარალებული მხარე. ამ უკანასკნელებს, სამართლის ძიებაში ახლა სააპელაციო სასამართლოში მოუწევთ წასვლა, თუმცა ამავე მტკიცებულებებით, რადგან კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომლის საშუალებითაც პროკურატურას საქმის გამოძიება ხელახლა დაევალება.

იურისტები პროკურატურას საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებენ და სისტემურ პრობლემებზე აქცენტს კიდევ ერთხელ აკეთებენ.

"სასამართლოს ამ განაჩენმა აჩვენა, რომ გამოძიება ჯეროვნად არ არის ნაწარმოები. ადრე ასეთ საქმეებს გაფუჭებული საქმეები ერქვა. ეს არის გამოძიების პრობლემა და არა სასამართლოსი. ვინ მოკლა ორი არასრულწოვანი - ამ კითხვებზე პასუხი პროკურატურას უნდა გაეცა. ასე, რომ ეს არის პროკურატურის უნიათობა ან კიდევ შეგნებული ქმედება. პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როდესაც საქმე შეგნებულად იყო გაფუჭებული. როგორც დაზარალებულები ამბობენ, საქმეში სხვა პირების ბრალეულობაც იკვეთება. ასე, რომ შეიძლება შეგნებულად გაფუჭებულ საქმეზეც ვიმსჯელოდ. მეც მსმენია საფუძვლიანი მითითება, რომ ამ საქმეში არიან სხვა ფიგურანტები და არა ერთი, რომელთაც იმის წყალობით, რომ ჰყავთ გავლენიანი გულშემატკივრები საერთოდ საქმეში არ ფიგურირებენ.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ხელახალი გამოძიების საფუძვლად რომ იქცეს, ასეთი ჩანაწერი კანონში არ არის. ადრე სასამართლოს ჰქონდა ეს უფლება მას შეეძლო გამოეტანა გამამტყუნებელი, გამამართლებლი ან დაებრუნებინა საქმე გამოძიებისთვის. მაგრამ დღეს სასამართლოს ეს ფუნქცია არ აქვს. თუმცა მტკიცებულებები უკვე მოპოვებულია და რაღა უნდა გამოიძიონ?! ახალი გამოძიება რომ ამ საქმეს რაიმეს შემატებს ამას ვერ ვიტყვი" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.

იმაზე, რომ საქმე ცუდად არის გამოძიებული, იურისტი ზაზა ხატიაშვილიც საუბრობს და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ შოთაძის პროკურორობა არ შეიძლება. შოთაძე და ის პროკურორები არიან სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები. სანამ წულუკიანი და შოთაძე არ გადადგება მანამდე არაფერი გვეშველება. სასამართლოს "მურუსისაძიას" რომ ვებრძოდი, ტყუილად კი არ ვამბობდი ქუჩაში გამოდითთქო, ქვეყანა დარჩა კოლაფსში! ვწინასწარმეტყველებდი, რომ ახალი გირგვლიანი და ვაზაგაშვილი გაჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არავინ დამიჯერა. არ შეიძლება მურუსიძე და ჩინჩალაშვილი იყვნენ სასამართლოში. ძალიან მეცოდება ეს ახალგაზრდა კაცი და ის ბავშვები, რომლებიც სავარაუდოდ დაისჯებიან იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველა უბედურება მათზე გადატყდა და აქციეს ბავშვები მოძალადედ", - გვითხრა ხატიაშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობს ყოფილი პროკურორი, იურისტი მირიან ნიკოლაძეც.

"ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა ის, რაც ყოველ მეორე საქმეზე ჩნდება ყველა პროცესზე. ეს არის შსს და პროკურატურის დებილიზაცია. სანამ ესენი ამ ტემპით გააგრძელებენ საქმის გამოძიებას და ასეთი კადრები ეყოლებათ, ყოველ მეორე საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი. რაც ხდება ეს ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფაა, რადგან ოპერატიულ საქმეებს ეს უწყება იძიებს. სანამ გახარია იქნება მინისტრი, უკეთესს არც უნდა ველოდოთ.

ქართული მართლმსაჯულება ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრობლემაა. იმიტომ, რომ პირადად მქონია პრაქტიკა - გამოდის პროკურატურა და ამბობს მტკიცებულებები გვიდევსო და ერთი განახათ, რას ეძახიან მტკიცებულებებს. არავითარი მტკიცებულება არ გაჩნიათ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა" - გვითხრა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს