ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის თანამედროვე ბესტსელერი „გიკი გოგო“ ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა, მათ შორის ქართველ მოზარდებსაც.
ავტორის საყვარელი წიგნის მოლოდინშიც რამდენჯერმე დადგა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. სულ ახლახანს ითარგმნა "გიკი გოგოს" მეხუთე ნაწილიც, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც 1-ელ ივნისს „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. დღეს ჰოლი სმეილი ფანებთან შესახვედრად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, "პალიტრა L”-ის სტენდთან მივიდა, სადაც მას უამრავი მკითხველი დახვდა.
ჰოლი სმეილმა პირველი ნაწარმოები 2013 წელს დაწერა, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა მოზარდების მხრიდან. მალე "გიკი გოგო" ბრიტანეთის #1 ბესტსელერი გახდა. ავტორი და მისი გამომცემელი HarperCollins უამრავ წერილს იღებდა მოზარდებისგან, რომლებიც წერდნენ, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ისწავლეს ურთიერთობები და საკითხებს განსხვავებულად შეხედეს. ბრიტანეთში მოპოვებული აღიარების შემდეგ წიგნი მალე მსოფლიო ბესტსელერადაც იქცა. გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. ითარგმნა 23 ენაზე. ჰოლის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილდოები.