ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, ამიტომაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, პროცესი დახურული იყო. მას ესწრებოდნენ ბრალდების მხარე, ბრალდებულები, მათი ადვოკატები და დაზარალებულები (მოკლული მოზარდების მშობლები). შესაბამისად, მედია პროცესის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მათგან იღებდა და ჟურნალისტები მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, დასწრებოდნენ პროცესს და უშუალოდ „პირველწყაროებისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ ხორავას საქმის გარშემო შექმნილი მდგომარეობა.
მოდით, გადავავლოთ თვალი ხორავას ქუჩის ტრაგედიის ქრონოლოგიას და ვნახოთ, რა კითხვებს გაეცა პასუხები და რა დარჩა ისევ ბუნდოვანი საქმეში.
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით გაგრძელდა და ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამართალდამცველებმა ჯერ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, შემდეგ კი ბრალი მეორე მოზარდსაც წაუყენეს და იმ დროისთვის მიმალვაში მყოფი გ.ჯ. პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ის პოლიციას მალევე ჩაბარდა. ბრალის დადგენილების თანახმად, საგამოძიებო ორგანო პირველივე დღეს დაკავებულ გ.ბ-ს ორივე მოზარდის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ხოლო გ.ჯ.-ს მხოლოდ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. მკვლელობის საქმის გარდა, ცალკე წარმოებად გამოიყო დანაშაულის დაფარვის საქმე, რომელზეც პასუხისგებაში 5 პირი მიეცა. ბრალდებულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრები - კალანდიები იყვნენ. ოჯახის უფროსი თენგიზ კალანდია კი შსს-ს თანამშრომელი იყო.
სასამართლო განხილვები 22 იანვრიდან დაიწყო. საქმის არსებითი განხილვა ახალი დაწყებული იყო, როცა დავით სარალიძის მამამ - ზაზა სარალიძემ პირველად გამოთქვა ეჭვი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა წრე უფრო ფართო უნდა ყოფილიყო. კერძოდ, მანამდე გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ საქმის პროკურორმა კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაზიანების ფაქტი დაადასტურა.
თუმცა, პროკურორმა დასძინა, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის დაუდგენელია, როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება ამ მოზარდმა. პროკურორისგან განსხვავებულ ინფორმაციას ვფლობდით მედიის წარმომადგენლები, რადგან რამდენიმე მოწმემ ტრაგედიის დღესვე, პოლიციაში გამოკითხვისას განაცხადა, რომ აღნიშნული მოზარდიც დაჭრილი იყო. ეჭვის გაღვივებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მოზარდს ექსპერტიზა დაზიანებების მიღებიდან ორი კვირის შემდეგ ჩაუტარდა.
სწორედ ამ მოზარდის სასამართლოში დაკითხვიდან და მისი დაკითხვის შემდეგ გამოჩენილი ექსპერტიზის დასკვნიდან იწყება ის ღია ეჭვები, რომელიც საქმეზე უკვე მრავლად არსებობს. მივყვეთ თანმიმდევრობით:
ზემოხსენებული მოზარდი მოწმის სახით სასამართლოში 26 და 30 მარტს დაიკითხა. ამის შემდეგ კი, პროკურატურამ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომელიც ამ არასრულწლოვანი მოწმის ტანსაცმელზე ჩატარდა. დასკვნის თანახმად, მოზარდის ტანსაცმელზე მოკლული დავით სარალიძის სისხლის კვალი დაფიქსირდა. არადა, ზაზა სარალიძისა და ბრალდებულთა ადვოკატების ინფორმაციით, დაკითხვისას მოწმემ სარალიძესთან კონტაქტი საერთოდ უარყო. თავის მხრივ პროკურორმა განაცხადა, რომ ამ მოწმემ ისაუბრა სარალიძესთან მჭიდრო კონტაქტის შესახებ. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - მოზარდს არავინ დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე მოკლულის სისხლი, რადგან ექსპერტიზის დასკვნა მისი დაკითხვის შემდეგ გასაჯაროვდა.
ამის შემდეგ ზაზა სარალიძე უკვე ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ მისი შვილის დაჭრაში კიდევ ორი მოზარდი მონაწილეობდა, ეჭვი კი კიდევ რამდენიმეზე ჰქონდა. ერთ-ერთი, რომელზეც სარალიძეს ეჭვი ჰქონდა, სრულწლოვანი მიხეილ კალანდიაა. მისი სასამართლოში დაკითხვის დროც მალე დადგა.
მიხეილ კალანდია
სასამართლოში კალანდიას დაკითხვა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. მან დაკითხვის პირველ დღეს სკანდალური ჩვენება მისცა. კერძოდ, კალანდიამ პროცესზე თქვა, რომ მასზე დაკითხვისას ზეწოლას ახდენდნენ, ახლომდებარე ოთახიდან კი მამამისის ყვირილი ესმოდა, რომელსაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ორი დღის შემდეგ კი კალანდიამ რადიკალურად განსხვავებული განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ პოლიციის მხრიდან ზეწოლასა და მამამისის ცემაზე მისი ჩვენება სიცრუე იყო და მეგობრების გადარჩენის მიზნით მოიტყუა. ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ, კალანდიას ჩვენება საეჭვო გახდა.
თუმცა, ზაზა სარალიძე უკვე დარწმუნებული იყო, რომ კალანდიას კონფლიქტის დროს დანა ჰქონდა და გამოიყენა კიდეც. მოკლული მოზარდის მამა ამაში ბრალდებულების დაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა, როცა ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა (ჩვენების ეს მონაკვეთი საზოგადოებას თავად სარალიძემ გააცნო) - "კონფლიქტის შემდეგ, როდესაც არკიდან გამოვედით, დავინახე, მისი (კალანდიას) ქურთუკის სახელო სისხლიანი იყო და ასევე ხელში რაღაც საგანი ჰქონდა, რომელსაც სახელოში მალავდა“.
სასამართლო სხდომების მსვლელობას სიმწვავე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის ფაქტორმა შემატა - კონფლიქტში მისი შვილის მონაწილეობის გამო გაჩნდა კითხვები, დანაშაულის დაფარვაში მაღალჩინოსნის მონაწილეობაზე. ოფიციალური ინფორმაციით, სუბელიანის შვილთან 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტის გამო, მოზარდები საქმის გასარჩევად ხორავას ქუჩაზე წავიდნენ. სუბელიანმა კითხვებისა და ეჭვების გაქარწყლების მოტივით, სამსახურიდან წასვლის განცხადებით მთავარ პროკურორს მიმართა. ამის შემდეგ სასამართლო სხდომებზე მისი გვარი ნაკლებად ფიგურირებდა, თუმცა ერთ დღესაც მირზა სუბელიანის მიმართ სკანდალური ბრალდება გაისმა, რომლის თანახმად სუბელიანი პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებდა.
შეგახსენებთ, რომ იმ დროს, როდესაც მერაბიშვილმა საკნიდან უკანონოდ გაყვანის ბრალდება გააჟღერა, მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, სწორედ მისმა სამსახურმა ჩაატარა პირველი მოკვლევა საქმეზე და დაადგინა, რომ ყოფილი შს მინისტრის ბრალდება უსაფუძვლო იყო, კამერების ჩანაწერები კი 24 საათში წაიშალა. სუბელიანის მხრიდან შანტაჟის შესაძლებლობას აბსურდული უწოდეს მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორებმა. თავად სუბელიანმა კი განაცხადა, რომ მას არავითარი კადრები არ გააჩნია.
სუბელიანის სახელის ხსენება ამ საქმეში ამით არ დასრულებულა. სასამართლო განხილვების დასრულებამდე, გავრცელდა კადრები, რომელიც 2017 წელის 1 დეკემბერს, კალანდიების სახლთან განვითარებულ მოვლენებს ასახავს. კადრებში მირზა სუბელიანი კალანდიების სახლში შედის (მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ქვისლები არიან - ანუ მათ ცოლად ჰყავთ დები, ბორის კაკუბავას ქალიშვილები, რომლის გვარმაც ასევე გაიჟღერა საქმეში). ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ კონფლიქტში მონაწილე ორი მოზარდი, რომელთაგან ერთ-ერთი ამჟამად ბრალდებულია.
აი, რა თქვა ამ ბრალდებულმა, სასამართლოში დაკითხვისას ამ ეპიზოდზე (ჩვენების ეს ეპიზოდი ასევე ზაზა სარალიძემ გაასაჯაროვა): "მოვიდა მირზა სუბელიანი, მივესალმე და მიხეილმა დაბლა ჩავიდეთო და ჩავედით. რომ ჩავდიოდით, მეუბნებოდა, ნუ ნერვიულობ, ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორიცაა და ყველაფერს მოაგვარებს“.
დავუბრუნდეთ ისევ კადრებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ სუბელიანი კალანდიების სახლს ტოვებს და მალევე სახლიდან გადის მანქანა, რომლითაც მიხეილ კალანდია და ბრალდებული გადასამალად წაიყვანეს. კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, პროკურატურას მკვლელობის საქმისგან გამოყოფილ დანაშაულის დაფარვის საქმეს ჰქონდა დართული. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ კადრებით სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დგინდება, რადგან სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ის პირდაპირ პოლიციაში მივიდა არასრულწლოვან შვილთან ერთად. ბრალდებულის ჩვენების ზემოხსენებული ეპიზოდი, სანამ ის სასამართლო სხდომაზე გაჟღერდებოდა, სახელმწიფო ბრალდებისთვის უცნობი იყო, რადგან მას გამოძიებისთვის ჩვენება არ ჰქონდა მიცემული. თუმცა პროკურატურა ირწმუნება, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მირზა სუბელიანს დანაშაულში ამხელს.
მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის მთავარი კულმინაცია კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა აღმოჩნდა, რომელიც სასამართლოს ბრალდების მხარემ წარუდგინა. დასკვნის შინაარსი მედიისთვის უცნობი იყო და ისევ მხარეების, ასევე ზაზა სარალიძის იმედად ვიყავით. სარალიძემ კი ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა - სამხარაულის ექსპერტმა ვერ დაადგინა კონკრეტულად რომელი იარაღითაა მიყენებული დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა. მისივე ინფორმაციით, ამავე დასკვნაში წერია, რომ გამოძიების მიერ ამოღებული ორი დანით, გარდაცვლილებზე გარკვეული ჭრილობები ნამდვილად არის მიყენებული. თავის მხრივ, პროკურორმა განაცხადა, რომ დასკვნაში გაწერილია, თუ რომელი ჭრილობა რომელი დანითაა მიყენებული და მასში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებს, რომელიც გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს ამოღებული.
ამის შემდეგ ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილთა ტანსაცმელი და დანები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად დაცვის მხარეს გადაეცა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ერთი ბრალდებულის ადვოკატის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. დაიკითხა კვლევის ჩამტარებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაულში, სავარაუდოდ, გამოყენებულია სხვა სახის იარაღებიც.
დასკვნის მიხედვით, ჭრილობების მიყენებისას შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მაკრატლის მაგვარი ცივი იარაღები. დაცვის მხარის ექსპერტიზის ამ დასკვნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. ერთ-ერთი განხილვაზე, როდესაც შესვენება იყო გამოცხადებული, ამ დასკვნის გამო ექსპერტს პროკურორებთან და ასევე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედასთან დაპირისპირება მოუვიდა. დადუნაშვილის დედა მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას არ ეთანხმება. თავის მხრივ, მოზარდების მკვლელობისას რაიმე სხვა სახის ცივი იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს პროკურატურაც. გარდა ამისა, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნით სასიკვდილო ჭრილობები გარდაცვლილებზე დანებით არ არის მიყენებული, რასაც ასევე არ ეთანხმება არც დადუნაშვილის დედა და არც საქმის პროკურორი.
გარდა ამისა, ზაზა სარალიძის კითხვა - თუ რატომ დაინგრა ის ფარდული, სადაც დავით სარალიძეს ჭრილობები მიაყენეს, კვლავ პასუხგაუცემელია. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ფარდულის ზომები მიახლოებითაა აღებული და ვინმეს თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მოუნდება, ამას ვერ გააკეთებს. სარალიძე აღნიშნავს, რომ ამ ფარდულში მისი შვილი და მასთან მოჩხუბარი ვერც ერთი მოზარდი წელში ვერ გაიმართებოდა, თუმცა მოწმეების ნაწილი ამბობდა, რომ მისი შვილი გამართულად იდგა ფეხზე, როდესაც მას დანა დაარტყეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სარალიძე დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ორი მოზარდის გარდა, მისი შვილის მკვლელობაში კიდევ სხვა მოზარდებიც მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, შვილმკვდარი მამა დარწმუნებულია, რომ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა მირზა სუბელიანმაც მიიღო და ვიდეოკადრებში დაფიქსირებული მისი ქმედება, სუბელიანის ქვისლის, თენგიზ კალანდიას ქმედების იდენტურია, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება დანაშაულის დაფარვას ედავება.
ეს მოთხოვნა მოკლული მოზარდის მამამ არაერთხელ გააცნო პროკურატურას და როცა ნახა, რომ მის მოთხოვნებს რეაგირება არ მოყვა, აქციები დაიწყო. გაჩნდა მოსაზრება, რომ ხორავას ქუჩის საქმე შესაძლოა, პოლიტიკურ ჭრილში გადაზრდილიყო. ეს საუბრები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ზაზა სარალიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა. ყველა ასეთ ბრალდებაზე ზაზა სარალიძემ შემდეგი პასუხი გასცა: „კარგად დაიმახსოვრეთ! დათუჩას სული არ იყიდება“.
რაც შეეხება ბრალდებულ ორ მოზარდს - არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც მათ მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას ადასტურებს. კერძოდ, გამოძიების ეტაპზევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარულად ჩაწერეს იმ ბრალდებულთან გასაუბრება, რომელსაც ორივე მოზარდის მკვლელობა ედება ბრალად. ამ ჩანაწერში ბრალდებული მის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე საუბრობს. ასევე არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოწმემ ამ ბრალდებულს პირდაპირ დაადო ხელი.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავად აღიარა, რომ ჩხუბის დროს დანა ჰქონდა, დაახლოებით ორჯერ მოიქნია კიდეც, როდესაც სარალიძეს ის შებოჭილი ყავდა და ხორავას ქუჩიდან გაქცევისას ნახა, რომ დანის პირი სისხლიანი იყო და მიხვდა, რომ მის მიერ მოქნეული დანა სარალიძეს მოხვდა. თუმცა, ბრალდებული კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მის მიერ მიყენებული ჭრილობა სარალიძისთვის სასიკვდილო იყო.
ავტორი: თორნიკე კოშკაძე