ბოლო წლებში ჩვენში სწრაფი კვების ობიექტების გახსნამ, ტექნოლოგიური ფაქტორის გამყარებამ (ინტერნეტი, ციფრული ტექნიკა), ადამიანის ფიზიკური აქტივობა და ენერგიის ხარჯვაც შეამცირა. ადამიანები ფეხით სიარულის ნაცვლად, უმეტესად, მანქანით მოძრაობენ, რის ხარჯზეც ზედმეტი წონის დაგროვება ხდება.
ჭარბწონიანობა გავლენას ახდენს ისეთი ორგანოების ფუნქციებზე, რომელთა მოქმედებაში ნივთიერებათა ცვლას წამყვანი ფუნქცია აკისრია: იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მამაკაცებში სასქესო ორგანოების დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ზოგადად კი, სიმსუქნე ყველა ორგანოზე ცუდად მოქმედებს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე, ჭარბ წონას ქირურგიული მეთოდით უპირისპირდება და კუჭის ე.წ. დაპატარავებას ახორციელებს.
"ჭარბწონიანობასთან ბრძოლა საკვების რაოდენობის შემცირებითა და დახარჯული ენერგიის გაზრდით უნდა დაიწყოს. თუ დიეტით ეს არ ხერხდება, მაშინ ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს. ქირურგიული მეთოდი ბევრია და მათგან ყველაზე პოპულარული კუჭის ხაზოვანი რეზექციაა, რითაც ე.წ. კუჭის დაპატარავება ხდება. კუჭი სიგრძეზე იკვეთება და 70% აკლდება", - ამბობს ქირურგი.
ამ ოპერაციის შემდეგ ექიმის თქმით, კუჭს ის უბანი სცილდება, რომელიც შიმშილის ჰორმონს – გრეის წარმოქმნის. ოპერაციის შემდეგ პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ შიათ და რაღაც განსაკუთრებულად რომ მოუნდეთ, ერთ კვებაზე, კუჭში 150 მილილიტრზე მეტი არ ეტევათ. თუ ადამიანი მანამდე ვთქვათ, 4 ნაჭერ ხაჭაპურს ჭამდა, მიიღებს მხოლოდ ერთს, ასევე ერთ ნაჭერ მწვადს. ოპერაციის შემდეგ პაციენტი წონაში დროთა განმავლობაში იკლებს და 2 წლის განმავლობაში ჭარბი წონის 80%-ის მოცილება ხდება.
პაციენტი ოპერაციისთვის სერიოზულად და საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. წინასწარი და სხვადასხვაგვარი კვლევა უტარდება და შემდეგ უკვე მისი მომზადება მიმდინარეობს. ამ პროცესმა ზოგჯერ შეიძლება 6 თვემდეც გასტანოს. მერე კი უკვე ოპერაცია ინიშნება. შაქრიანი დიაბეტისას, 87%-ის შემთხვევაში, შაქარი ნორმის ფარგლებში დგება. პაციენტებს უადვილდებათ ისეთ საკვებზე უარის თქმა, რაზეც მანამდე უარს ვერ ამბობდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესს უბრუნდებიან.
როგორ გრძნობენ ოპერაციის შემდეგ ადამიანები თავს და როგორ იცვლება მათი ცხოვრება, ამის შესახებ ჩვენი რესპოდენტები თავად ყვებიან.
კახა გოგიძე, მსახიობი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის როლის შემსრულებელი:
- როდესაც 160 კილო ხარ, ძალიან ცუდია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების ზღვარზე დგახარ. შაქარიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ ვიყავი. ოპერაციით კი ამ დაავადებების ჩამოყალიბებას დროზე მივუსწარი.
ოპერაციამდე ელენე გიორგაძის პაციენტი ვიყავი, კომპლექსურად ვმკურნალობდი, ვიცავდი დიეტას, ვიღებდი შესაბამის წამლებსაც - 73 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა 10 წლის განმავლობაში "მეჭირა". მაგრამ დიეტის შემდეგ უმრავლესობა იმატებს და მეც მოვიმატე, მეტი დიეტა ვეღარ შევძელი, რადგანაც მოთმინებასაც რესურსი ჰქონია. დიეტის დაცვის რესურსი ამოვწურე, ყველაფერი ყელში ამოვიდა და ექიმ დათო აბულაძესთან წავედი. უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც 84 კილო დავიკელი. ახლა 78 კილო ვარ, მაგრამ მე თვითონ მინდა, რომ 75 ვიყო და ამაზე ახლა ვმუშაობ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ, გეტყვით, რომ ერთ დღესაც სამოთხეში გავიღვიძე - ასეთი შეგრძნება მქონდა. თუმცა ყველაფერი ასე მკვეთრად და უცებ არ მომხდარა, ამ შედეგს ნელ-ნელა მივაღწიე. ვატყობდი, ტანსაცმელი როგორ მიდიდდებოდა, უკვე შემეძლო, საყვარელ ტანსაცმელზეც მეოცნება, რაღაც მოძრაობებზე, ელემენტარულად, ნორმალური სიარულის საშუალება მეძლეოდა. 160 კილოგრამის დროს სიარული კი არა, წოლაც ძნელია. ფაქტობრივად, დიდი წონა ჯოჯოხეთია. თუმცა, ჭარბი წონით სპექტაკლებს ვთამაშობდი და პრიზებსაც ვიღებდი. მიუღწეველი არაფერია - თუ ვინმეს წონაში დაკლება მართლა უნდა, თუ ჭამის სურვილზე მაღალი გახდომის სურვილი აქვს, აუცილებლად დაიკლებს.
გია დავითიანი, "ალილოსა" და "ქუჩის მუსიკოსების" წევრი:
"ოპერაციის გაკეთება გარდაუვალი იყო. მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა. განსაკუთრებული შედეგი მაქვს იმასთან შედარებით რა მდგომარეობაშიც მანამდე ვიყავი. 55 წლის ასაკში 160 კილოგრამი გახლდით. ვინაიდან ოპერაცია 60 წლამდე კეთდება, სასწრაფოდ გადავწყვიტე, გამეკეთებინა. ჩემი ფიზიკური აქტივობა იმ პერიოდისთვის ნულის ტოლფასი იყო. ვერ დავდიოდი, ვერ ვმოძრაობდი. მქონდა ტოქსიური ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი და შაქრის მაჩვენებელი, მცდელობის მიუხედავად, არ რეგულირდებოდა... მთელი ცხოვრება წამლებს ვსვამდი, მაგრამ ეს ყველაფერი ოპერაციის შემდეგ უკვალოდ გაქრა.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, უფრო გავაქტიურდი. მოძრაობა შემიძლია, სიარული არ მეზარება. მანამდე მესამე სართულზე ვერ ავდიოდი და ახლა მეათეზე ასასვლელად, ლიფტი შეიძლება არც მოვიკითხო. შეიცვალა ჩემი საკვებთან დამოკიდებულებაც. ადრე უზომოდ მივირთმევდი, სასმელსაც დაუდევრად ვიღებდი - დაახლოებით 4-5 ლიტრამდე... ეს დამოკიდებულება მოიხსნა, რადგან კუჭის ზომა შემცირდა. მთლიანად განახლდა ჩემი გარდერობიც. რამდენიმე შარვალი გადავიკეთე და სულ სხვა ზომის ახალი შარვალი შევიძინე, რადგანაც იმ ზომის ჩაცმა წარმოუდგენელი იყო.
ზაურ რეხვიაშვილი, იგივე ზაურ ზაურიჩი, თელასის ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც თბილისში ფართო სანაცნობო და სამეგობრო ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მძიმეწონიანი იყო, პლასტიკურობას არასოდეს უჩიოდა. ცოტა ხნის წინ კუჭის "დაპატარავება" მანაც გადაწყვიტა და 263 კილოგრამიდან 130 კილო დაიკლო.
"ეს გადაწყვეტილება ჩემმა კლასელმა, ძმაკაცმა, უნიჭიერესმა ექიმმა - დათო აბულაძემ მიმაღებინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მეუღლესაც დიდი წვლილი მიუძღვის. ოპერაციამდე 45 კილო დავიკელი, შემდეგ - 80 კილო. სულ 130 კილო მაქვს მოკლებული. ახლა 138 კგ ვარ და ძალიან მიხარია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. მადლობა ამისთვის მეუღლეს და დათო აბულაძეს თავის გუნდთან ერთად.
იმაზე დიდი ბედნიერება რა არის, რომ შენ ზომა ტანსაცმელს ჩაიცვამ? ახლა ფეხით სიარულიც მიხარია. იმ ზომის ჯინსი მაცვია, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩავიცვამდი. საოცარი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში. ის კი არა, ფეხს ფეხზე რომ ვიდებ, თავი სიზმარში მგონია. მიხარია, რომ ეს ყველაფერი შევძელი"