რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
"ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც ცუდ რჩევას წარმოადგენს, არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე", - განმარტა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.