სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იწყებს. პასუხად საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ამ დრომდე, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე "მათ დამოუკიდებლობას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს", თუმცა რომელ ქვეყნებს გულისხმობს, არ აკონკრეტებს. რუსულ მედიასთან საუბარში ბიბილოვი ამბობს, რომ მისთვის ქვეყნების შესახებ ცნობილია, თუმცა, არ დაასახელებს, რადგან როგორც კი ამას ქართული მხარე იგებს, ამერიკის დახმარებით, ამ ქვეყნებზე ზეწოლა ხორციელდება.
რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთხელ აღიარებას რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად მიიჩნევს. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ კრემლის წაქეზებით ასადმა კიდევ ერთი სულელური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან "თავადაც დენთის კასრზე ზის და ყველაზე კარგ ვარიანტში ანუ სიცოცხლის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი ჰააგის ტრიბუნალი არ ასცდება".
რუსული მედია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ე.წ. სავაჭრო კორიდორების შესახებ ქართულ-რუსულ შეთანხმებას აფხაზეთში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა:
"მომაკვდავი, დაშლილი და საკუთარი ხალხის სისხლში მცურავმა სახელმწიფომ გვაღიარა და რა?.. ამით უნდა გადაიფაროს ყველაფერი? რუსეთი და საქართველო ისე შეთანხმდნენ ჩვენი ქვეყნის დერეფნად გამოყენებაზე, რომ ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს... ამით კიდევ უფრო დავშორდით დემოკრატიულ სამყაროს, თუმცა, რას დავუახლოვდით, არ ვიცი... სიმართლე გითხრათ, ძალიან მაოცებს ეს საყოველთაო აღტაცება... მაგას ჯობია, კან ტანიას (ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ცოტა მეტი შესაძლებლობა მისცეთ, რომ ევროპაში მეტი ისაუბროს ჩვენზე..." - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი თემურ სუხუმსკი.
ე.წ. სავაჭრო კორიდორების შესახებ ქართულ-რუსული შეთანხმების თემა სოხუმსა და ცხინვალში ბოლო დღეებია კამათის საგნად არის ქცეული. აფხაზები თავიან გულისწყრომას იმდენად მწვავედ გამოხატავდნენ, რომ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა ალექსეი დვინიანინმა ადგილობრივ მედიასთან სპეციალური შეხვედრა გამართა, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პასუხი გაეცა.
"აფხაზეთის თემაზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ახლა სიმართლე გითხრათ, სრულიად გაოგნებული ვარ - გამოდის, რომ მე მათ არ ვიცნობდი, გამაკვირვა ამ ღიად არამეგობრულმა პასაჟმა, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა დასასრული აღარ უჩანს და რომლის მიხედვითაც, აფხაზური მხარე უკმაყოფილოა იმაზე, რომ აფხაზეთი 2011 წელს არ მონაწილეობდა ხელშეკრულების მომზადების პროცესში.
უკაცრავად, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმითა და პრინციპით, ორმხრივი შეთანხმებები იმას ნიშნავს, რომ ამაში მხოლოდ ის ორი სახელმწიფო მონაწილეობს, ვის ინტერესებსაც ეს ხელშეკრულება ეხება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვიღაცეებმა ვერ ან არ გაიგეს...
მოეწონებოდა აფხაზებს ჩვენი 2008 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ან მოკავშირეობისა და სტრატიგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მომზადებაში ქართველები რომ ჩაგვერთო 2014 წელს? ალბათ არა...", - განაცხადა რუსეთის "ელჩმა", რომლის თქმითაც, ეს შეთანხმება აფხაზეთის "დამოუკიდებელი რესპუბლიკის" ინტერესებს არ აზარალებს.
აფხაზი ჟურნალისტის იზიდა ჭანიას თქმით, აფხაზეთის ბაზარს კონტროლი კი არა, დაცვა სჭირდება, რომ განვითარდეს და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები მაინც დააკმაყოფილოს.
"ტრადიციულ აფხაზურ სამზარეულოში, არის ორი მნიშვნელოვანი პროდუქტი - სიმინდი, რომლისგანაც ღომი (აბისტუ) კეთდება და და ლობიო. ბოლო ათ წელზე მეტია, აფხაზმა გლეხებმა სიმინდისა და ლობიოს მოყვანა შეამცირეს. რატომ უნდა შეიწუხონ თავი, როდესაც მაღაზიებში, კრასნოდარის მხარეში დაფასოებული, იაფფასიანი ჩინური სიმინდი და ლობიო იყიდება. ორი ადგილობრივი პროდუქციაც კი, რუსეთიდან შემოსულ, ორ სურსათთან პირისპირ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ისევე, როგორც ჩაი... ქვეყანაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიწა, არაფერი მოჰყვათ და ჩვენ სხვას ვუხსნით ბაზარს... ალბათ ადვილი მისახვედრია, რა ფაქტის წინაშე დაგვაყენებს ეს ხელშეკრულება," - წერს აფხაზი ჟურნალასტი.