რამდენიმე დღეა, საქართველოს სკოლებში მე-12 კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა და ქუჩები, ტრანსპორტი, თუ სოციალური ქსელი ბედნიერღიმილიანი და მხიარული მოსწავლეებით აჭრელდა, რომელთაც ხელით მოხატული პერანგები აცვიათ. ბოლო ზარის შემდეგ, მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე გამოცდა და ბანკეტი აშორებთ.
სკოლის ბანკეტი... ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებიათ ამ დღის დადგომაზე მოსწავლეებს, გონებაში მოურგიათ ყველაზე განუმეორებელი, ორიგინალური და განსაკუთრებული კაბები თუ კოსტიუმები. ამ დღის მოახლოებასთან ერთად მშობლებს შვილებისგან განსხვავებით სხვა საზრუნავი უჩნდებათ - როგორ მოიძიონ, ან ამყოფინონ შვილის ბანკეტის ხარჯებს ფინანსები, რომელიც ხშირად საკმაოდ ძვირი ჯდება.
AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა თანხებთანაა დაკავშირებული ბენკეტის გადახდა. ინფორმაციის მოსაპოვებლად რამდენიმე მშობელს გავესაუბრეთ, როგორც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც.
ირმა არახამია, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი:
"გააჩნია, ვის რა გეგმები აქვს ბანკეტთან დაკავშირებით, რომელ რესტორანში აკეთებს, რას იცვამს, კლიპს იღებენ თუ არა, ანიმატორი, წამყვანი და დიჯეი მოჰყავთ თუ არა... ბანკეტთან დაკავშირებული ხარჯები სწორედ ამ საკითხებზეა დამოკიდებული. ვხუმრობ ხოლმე - მე მშობელი ირმა, ვაბარებ თირკმელს! რომ მივიხედ-მოვიხედები და თანხის შოვნასთან დაკავშირებით დიდ პერსპექტივებს ვერ ვხედავ, ხუმრობის მეტი აღარა მრჩება რა. ჩემი გოგონას კლასი ფუნიკულიორზე იხდის ბანკეტს. 500 ლარს ვიხდით რესტორანში 2 ადამიანი (ანუ მე და ბავშვი) - ამაში შედის მენიუ და ტორტი. ბანკეტზე იქნება კლიპის პრეზენტაცია, რომლის ჩაწერაც, სასწავლო წლის განმავლობაში დაიწყო, 65 ლარი დასჭირდა თითოეული მოსწავლის წილად. პლუს ფოტო-ვიდეო გადაღება, თავისი მონტაჟიანად, ანიმატორიან-დიჯეიანად - ყოველი ბავშვი 150 ლარს იხდის.
ჩემი გოგონას კლასში სულ 23 ბავშვი სწავლობს და მათ გარდა კლასიდან გადასულმა ხუთმა მოსწავლემ გამოთქვა ბანკეტზე დასწრების სურვილი, შესაბამისად, ჩამონათვალი თანხები 28-ზე უნდა გამრავლდეს და გავიგებთ მთლიანობაში რა დაჯდება ჩემი შვილის კლასის ბანკეტი. თავის დროზე, მე, ვერკეთილში "ბონდოს დუქანში” რომ მქონდა ბანკეტი, მსგავს ადგილას კაცი 50 ლარი დაჯდება, თუ უკეთესი გინდა, ჯიბეც უკეთ უნდა მოიქექო და შესაბამისად დაიხარჯო.
ახლა, რაც შეეხება სამოსს, ჩემ გოგონას - ერთ-ერთი დიზაინერი უკერავს კაბას, თავისივე ნაჭრით, 300 ლარად. ფეხსაცმელიც 150 ლარი, პლუს ვარცხნილბა და მაკიაჟი ერთად - 80 ლარი, 20 ლარი ფრჩხილები, 10 ლარი წარბები. გაუთვალისწინებელ ხარჯებს აღარ ვგულისხმობ. ჩემი შვილის ორმა პარალელურმა კლასმა, საერთოდ არ გადაიხადა ბანკეტი და მთელი კლასით წავიდნენ თურქეთში, ზღვის კურორტზე დასასვენებლად, რაშიც თითოეულს 250 დოლარის გადახდა დასჭირდა. დედაჩემი ლილოს სკოლაში მუშაობს პედაგოგად და ჩვენს ხარჯებს რომ გადახედა - გვითხრა, ლილოელების ბანკეტი გაცილებით ძვირი ჯდებაო. მათ ხარჯებს ემატება - ხელოვნური წვიმები, შუშხუნები, ფოიერვერკები, დრონს ქირაობენ, მანქანებს, ბანკეტს ისინიც ფუნიკულიორზე იხდიან... ” - გვეუბნება მეთორმეტეკლასელი გოგონას მშობელი.
მაგული ლომიძე - ხაშურის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი:
"ჩვენთან რაიონში ბანკეტის გადახდა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე - თბილისში. რაიონის ერთ-ერთ ყველაზე კარგ და პრესტიჟულ რესტორანში, 1 მოსწავლე 45 ლარს იხდის მენიუში, ხოლო, თუ მშობელიც მიჰყავს 50 ლარს. ფოიერვერკი და დარბაზის დიზაინი თითოეულ ბავშვს 20 ლარი უჯდება. თუ დავიქირავებთ რეჟისორს, რომელიც გაუწევს ორგანიზებას მთელ ამ ღონისძიებას, თავის სცენარიან-დადგმიანად, 300 ლარი დაგვჭირდება. ამ ფუფუნებაზე, პარალელური კლასისგან განსხვავებით, უარი ვთქვით და თვითშემოქმედებას მივმართეთ.
რაც შეეხება, ფოტო და ვიდეო გადაღებას, დრონის დაქირავებით, კომპიუტერული ეფექტებით და მონტაჟით, სულ 1 000 ლარის გადახდა უწევს ჩემი შვილის კლასს. მუსიკალურ გაფორმებაში 300 ლარს გადავიხდით. ამას ემატება კოსტიუმის ხარჯები, შესაძლებლობის მშობელი იხდის - კაბაში 200 ლარამდე და 150 ლარამდე - ფეხსაცმელში. ვარცხნილობა 25 ლარი, მაკიაჟი 15, ფრჩხილები - 6. მანქანებს არ ქირაობენ, პირადი მანქანებით მოძრაობენ და ეს ხარჯიც აგვცდება. გავიგე, რომ ერთი კლასი ჩვენი რაიონიდან ბანკეტის ნაცვლად კაპადოკიაში 5-დღიან ტურში აპირებს წასვლას და თითოეულს 250 ლარი უჯდებაო. ჩემი შვილის კლასელებმა ბანკეტი მოინდომეს, უარს ხომ ვერ ეტყვი?! ყოველდღე არ ამთავრებენ სკოლას... გავა წლები და დარჩებათ სახსოვარი და დარწმუნებული ვარ, არც ის დაავიწყდებათ, იმისათვის რომ მათთვის ეს დღე დაუვიწარი ყოფილიყო, ზოგიერთის ბებიამ 3 თვის პენსია გამოიტანა შვილიშვილისთვის, მამებმა - მანქანები დაალომბარდეს..."
ირმა დოლიძე - თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი:
"ჩვენმა ბავშვებმა ბანკეტის გადახდის სურვილი არ გამოთქვეს - "გვეგოიმებაო”... რას გაუგებ დღევანდელ ბავშვებს. სკოლაში 2 პარალელური კლასი ჰყავს, ერთი კლასი ეგვიპტეში მიემგზავრება ბანკეტის ნაცვლად, მეორე კი საბანკეტო მზადებაშია”.
მარიანა სანაია, მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი:
"ჩემი ბიჭის ბანკეტი 2-დღიანი იქნება, პირველ დღეს ხონის რესტორანში მოილხენენ, მერე დღეს მარტვილის კანიონში იქეიფებენ. რესტორანი თითო ბავშვს დაახლოებით 200-300 ლარი უჯდება. ჩემს შვილს 5 სტუმარი მიჰყავს და ვიხდით 300 ლარს, თითოეულის მენიუში 50 ლარს. მცირერიცხოვანი კლასია, სულ 8 ბავშვიანი და ამიტომ რესტორნის საფასური რვად რომ გაიყო, დიდი თანხა მოუწიათ. ბანკეტს სულ 55 ადამიანი ესწრება. რესტორნის საჩუქარი ამ ბავშვებისთვის დიჯეი იქნება, რომელიც მუსიკალურად გააფორმებს საღამოს. სხვათაშორის მარტვილიდან დაახლოებით 10 სკოლა წელს ხონში იხდის ბანკეტს, იმიტომ რომ ფასებიც შეღავათიანია და გარემოც მშვენიერი. ფოტო-ვიდეო გადაღებაში 800 ლარს იხდიან, დრონს იმიტომ ვერ ქირაობენ, წინასწარ უნდა დაჯავშნო და ამინდი თუ შესაფერისი არ იქნა, თანხა მაინც უნდა გადაიხადო, ამიტომ თავი შეიკავეს. ორივე დღის სამოსის შეძენაში 700 ლარი დაგვჭირდა. მე ბიჭის მშობელი ვარ, გოგონების მშობლებს ვარცხნილობისა და მაკიაჟის თანხებიც ემატება”.
ლიანა ბოტკოველი - თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი:
"დიღომში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იხდის ჩემი შვილის კლასი ბანკეტს და მთლიანი მომსახურება, ტორტით, ფოიერვერკით, დიჯეით, ცოცხალი მუსიკით, ფოტოგრაფით, ოპერატორით, დრონით და მონტაჟით 320 ლარი ჯდება თითოეული ბავშვისთვის (კლასში 15 ბავშვი სწავლობს). აქედან, მხოლოდ მენიუში, 95 ლარს იხდის თითოეული მოსწავლე მშობელთან ერთად. მენიუდან ზოგიერთი დასახელების საკვები ამოვაკელით და ამიტომ დაგვიჯდა შედარებით იაფი... რესტორანში დილამდე დარჩებიან. რაც შეეხება სამოსს და სილამაზის სალონის მომსახურებას - კაბა 450 ლარად შევიძინეთ, ფეხსაცმელი - 300 ლარად. ვარცნილობაში ვიხდით 80 ლარს, მაკიაჟში - 50-ს, ფრჩხილებში - 20-ს. მთლიანობაში ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა...”
მარიკა დიდიძე - თემქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი:
"350 ლარს ვიხდით აღმაშენებელის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ჩემი შვილი და მე, ამ თანხაში მენიუსთან ერთად შედის ფოტო-ვიდეო გადამღების მომსახურება (დრონის გარეშე), მუსიკა, დიჯეი. სამოსს რაც შეეხება - ფეხსაცმელი 130 ლარად ვიყიდეთ, კაბას მკერავი 80 ლარადად გვიკერავს, საკაბე ქსოვილის შეძენა 100 ლარი დაგვიჯდა. მაკიაჟი და ვარცნილობა ერთად 85 ლარი ღირს, ფრჩხილის მოწესრიგება - 15 ლარი. მანქანებს არ ქირაობენ, ოჯახის წევრების მანქანებით გავლენ ფონს..."
ფოტო: Sonic Photographer