სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიროსმანის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ზემო და ქვემო კალას, ლესელიძისა და ასათიანის ქუჩებზე თბილისის მერია მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, პროექტებზე მუშაობა მერიას უკვე დაწყებული აქვს და ის ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნებზე მიმდინარე სამუშაოები.
„ძველი თბილისის რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. შესაბამისად, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზონა. ჩვენი პროექტის ფარგლებში ძველი თბილისი უნდა მოწესრიგდეს და მოვუაროთ. შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში, ვფიქრობთ, ესეც მოვაწესრიგოთ, საგზაო ინფრასტრუქტურა გავაფართოვოთ და ა.შ. ამ წუთში რაიმე კონკრეტული პროექტი არ არსებობს, თუმცა, ძველი თბილისის პროექტის ფარგლებში ამასაც განვიხილავთ. შესაბამისად, ჯერ იქ მცხოვრებ ადამიანებთან მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. როცა ეს გადაწყვეტილება იქნება, ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ამას უახლოეს მომავალში გეტყვით“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება ფიროსმანის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ზემო და ქვემო კალას, ლესელიძისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციაც.
„ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები განსაზღვრული, თუ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს პრიორიტეტები განისაზღვრება ტურისტული ზონებით და ტურისტების რაოდენობით. არ გვინდა კონკრეტული ქუჩები განვავითაროთ, პლასტერების განვითარებას ვგეგმავთ. როგორც ორბელიანის, აღმაშენებლის, გუდიაშვილის მოედნების შემთხვევაში დავგეგმეთ და ვახორციელებთ.
გვაქვს კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელის პრეზენტაციასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ წარმოვადგინოთ. არის ფიროსმანის ქუჩის პროექტი, ინგოროყვას, სულხან-საბას, ლესელიძის, ზემო და ქვემო კალას, ასათიანის ქუჩების პროექტები. ბევრი ასეთი პროექტი გვაქვს. ახლა მიმდინარეობს ამ პროექტებზე მუშაობა და როცა დასრულდება, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.