ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმმა დავით გონაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სახის, ზურგისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმის თქმით, დაშავებულ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
"მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ჭრილობები კისრის, ზურგის, თავისა და მუცლის არეში აღენიშნება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა“, - განაცხადა დავით გონაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში აღმაშენებელზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თავდამსხმელი ახალგაზრდა ქალზე ოქროს ყელსაბამის წართმევას ცდილობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.