აქციის „ნუ მოკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია.
საპროტესტო აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე, რომლის ინიციატორი მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეა, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული მარშიდან", „თეთრი ხმაურის მოძრაობიდან“. ასევე აქციაზე რჩებიან ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს 17:00 საათზე, ასევე პარლამენტის შენობასთან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.