ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ იმართება.
აქცია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო. აქციის მინაწილეებს "სამართალდამცველთა ლიგის" წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ მიმართა.
"გუშინ ვიმყოფებოდით მთავარ პროკურატურაში, სადაც შეიძლება ითქვას, მოგვიხურეს კარები, რადგან მთავარ პროკურორ შოთაძეს შეეშინდა, მოესმინა კრიტიკული კითხვები. ახლა მოუწევს აქედან, ათასობით ადამიანის თვალწინ მოისმონოს ეს კითხვები და გასცეს პასუხები",- განაცხადა კუპრავამ.
აქციის მონაწილეები პოკურატურისგან ითხოვენ პასუხებს კითხვებზე: რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი - ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან; რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა; თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანი არის მოკლული სარალიძე და სხვ.
მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდებიან. პარლამენტის შენობასთან რჩებიან ძიუდოისტებიც, რომლებმაც დღეს, 17:00 საათზე გამართულ აქციაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, წარწერით: "ერთად სართლიანობის სადარაჯოზე!", "შემდეგი შეიძლება მე ვიყო", "მომავალი საფრთხეშია", "#შეცვალე", "აღასრულე სამართალი", "არა სისხლინ გარჩევას" და სხვ.