პარლამენტის შენობის წინ ქართველი ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებული თანამდებობა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ხოლო ხელისუფლებამ ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ კომპრომისზე წასვლას და თავდაპირველივე მოთხოვნა, ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში რჩება. მათივე განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში შექმნილია კრიზისული სიტუაცია, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
გარდა ძიუდოისტებისა, პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან სპორტის სხვადსხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ძიუდოისტებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მიმდინარე აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება.