ავტორი:

ენგურჰესის ავარიის დეტალები - აფხაზები და ქართველები მთელი სადგურის გადარჩენას ერთად ცდილობდნენ

ენგურჰესის ავარიის დეტალები - აფხაზები და ქართველები მთელი სადგურის გადარჩენას ერთად ცდილობდნენ

“ტურბინის მილსადენი გასკდა და ერთ-ერთი დარბაზი დაიტბორა... ორი დღე და ღამე ყველა თანამშრომელი - როგორც ქართველი, ისე აფხაზი, იქ ვიყავით. ძალიან შეგვეშინდა, გვეგონა, რომ მთელი გვირაბი დაიტბორებოდა. მილსადენის გასკდომა რამ გამოიწვია, არ ვიცით ჯერ. თუმცა, სავარაუდოდ, დრომ. “ჰესს” რემონტი სჭირდება. ეტაპობრივად ხდება რაღაცების შეცვლა, მაგრამ მასშტაბური რესტავრაციაა საჭირო.

ისეთი წნევით მოდიოდა წყალი, ორი დღე და ღამე გვირაბში შევარდნილ წყლის ნაკადს შესაბამისი აპარატებით ვტუმბავდით, მაგრამ ერთი და იმავე დონეზე იყო, 25 მაისის ღამეს თანდათან კლება დაიწყო... შეიძლება ითქვას, რომ სასწაულებრივად გადავრჩით და თუ დროულად არ მივხედეთ აქაურობას, სრულიად შესაძლებელია, ხვალ და ზეგ უარესი პრობლემის წინაშე დავდგეთ... აფხაზებს ჩვენზე მეტად ეშინოდათ, - თქვენ რაღაც ალტერნატივას მაინც იპოვით და ჩვენ რა გვეშველებაო, - ამბობდნენ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში “ენგურჰესის” ქართული მხარის თანამშრომელი.

“ენგურჰესის ავარიის საიდუმლო” - ამ სათაურით ეხმაურება ekhokavkaza.com ენგურჰესზე 24 მაისს მომხდარ საკმაოდ მასშტაბურ ავარიას, რომლის შედეგადაც, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია გაეთიშა. “ენგურჰესის” ჰიდროელექტროსადგურზე ავარიას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი რიგი სექტორების დატბორვა გახდა.

“წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. მისი ამოტუმბვის შემდეგ, შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას. სარეზერვო სიმძლავრეები ავამოქმედეთ და მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი განვახორციელეთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

იმ ღამეს შუქის გარეშე დარჩა გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, ტყვარჩელისა და გუდაუთის მოსახლეობა, თბილისი და საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, თითქმის მთლიანი დასავლეთ საქართველო.

დაზიანდა ტურბინის მილსადენი, რამაც სამანქანო დარბაზის პირველი სართულის დატბორვა გამოიწვია. მომხდარის შემდეგ ავტომატურად გაითიშა ენგურჰესის ძირითადი აგრეგატები, მთელი ღამე წყლის ამოტუმბვა მიდიოდა, რადგანაც ამის გარეშე მომხდარის მიზეზების დადგენა და ზარალის დათვლა შეუძლებელია.

“ენგურჰესის” დირექტორი ლევან მებონია ამბობს, რომ “დერივაციული გვიბარი წყლით არის სავსე, მაგრამ წყლის დონე არ მატულობს. მიდის ამოტუმბვითი სამუშაოები”. მისი თქმით, ენგურჰესი 3-4 დღეში მწყობრში იქნება.

არსებული ინფორმაციით, მეორე, მესამე და მეოთხე აგრეგატების, ფუნდამენტის, დერივაციული გვირაბის რემონტი 2002-2013 წლებში ჩატარდა და ის 45 მილიონი ევრო დაჯდა, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ევროპის განვითარების ბანკმა გამოუყო. რემონტის მორიგი ეტაპი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი, რომლის დროსაც ელექტროსადგური დაახლოებით 6 თვით უნდა გაჩერდეს, სწორედ ამაზე ღელავენ აფხაზები და “ხელმღვანელობისგან” ალტერნატიული წყაროს პოვნას ითხოვენ.

საერთოდ კი, უკვე წლებია აფხაზები ელექტროენერგიასთან დაკვშირებულ პრობლემაზე წერენ, რადგან ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მთელი აფხაზეთისთვის დენის უფასოდ მიწოდება დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. დენის გადახდის ფინანსური საშუალება კი, აფხაზეთს არ აქვს და აფხაზური მედიის თანახმად, არც აპირებენ “ბიუჯეტში” გაითვალისწინონ.

“როგორც ირკვევა, საქართველო არკვევს რუსეთთან, მოგვაწვდის თუ არა ის დენს დ კაცმა არ იცის, - რის სანაცვლოდ. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბრის მეტს არაფერს აკეთებს, რისთვის გვყავს მთავრობა?”, - წერენ აფხაზები.

სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლები წერენ იმაზეც, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებიც აფხაზური დენით სარგებლობენ. ბევრი მიზეზის გამო კი, რეგიონში იმდენად დაბალი ძაბვაა, რომ ელექტროტექნიკას მუშაობა უჭირს.

“ენგურჰესი” 1970-იან წლებში აშენდა და კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ამასთან, ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

“ენგურჰესი” ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, - მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი