აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მსოფლიოში არავინ უყვარს ისე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, - ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკელებს არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ტრამპისა და მოსკოვის კავშირის დამტკიცებას შეძლებს. „მსოფლიოში ტრამპს პუტინზე მეტად არავინ უყვარს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს გადაჭარბებული მოთხოვნები აქვთ, თუ ფიქრობენ, რომ მიულერის გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ ობიექტურ მტკიცებულებებს აღმოაჩენს“, - მოჰყავს სნოუდენის სიტყვები გამოცემა Huffington Post-ს.
სნოუდენს ასევე არ სჯერა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ს პრეზიდენტის გადაბირება შეეძლო. „მართალი გითხრათ, ყველა, ვინც ტრამპის საუბარს დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში მოუსმენს, მიხვდება, რომ ეს არარეალურია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ადამიანი მსგავსი რთული როლისთვის გამოეყენებინათ, ვინაიდან ის იმასაც კი ვერ იხსენებს, თუ რისი თქმა სურდა წინადადების ბოლოში“, - აღნიშნა სნოუდენმა.