უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გერმანიის ძლევის შემდეგ, რადომირ ანტიჩის მიერ დარიგებულ სერბეთის ნაკრებს ფლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა და ავსტრალიელების დამარცხების შემთხვევაში, ჯგუფის მეორე მატჩზე დამოკიდებული აღარ იქნება, "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლებს კი, მერვედფინალში გასაღწევად მხოლოდ სამი ქულის აღება არ ეყოფათ და ცალი ყური გერმანია-განის მატჩისკენ უნდა ჰქონდეთ მიპყრობილი.
ავსტრალია ერთადერთი გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელმაც ორივე ჩატარებულ შეხვედრაში წითელი ბარათის მიღება "მოახერხა". გერმანიასთან შეხვედრაში, მათ კაპიტანი ტიმ კეჰილი გაუძევეს, განასთან კი, მატჩის ნაადრევად დასრულება ნაკრების კიდევ ერთ ლიდერ ჰარი კიუელს მოუხდა. ცხადია, ეს უკანასკნელი დღევანდელ მატჩს გამოტოვებს, კეჰილი კი ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა და შეტევების ორგანიზებაც დაევალება.
ავსტრალიელთა დაცვის ბურჯმა ლუკას ნილმა, რომელიც სტამბოლის "გალათასარაის" ღირსებას იცავს, საკუთარი გუნდის შანსები ასე შეაფასა:
"გუნდში საოცარი თავდაჯერებულობა სუფევს. ცხადია, ორი ტურის თავზე სასურველი შედეგი არ გვაქვს, თუმცა, თავს შერცხვენილებად ნამდვილად არ ვგრძნობთ. იმედია, გერმანიის ნაკრები განელებთანაც იმავე განწყობით ითამაშებს, როგორც ჩვენთან, ეს კი, იმის წინაპირობაა, რომ აფრიკელთა კარში არაერთ გოლს ვიხილავთ. დიდი შანსია, განელებს ბურთების უარყოფითი ბალანსი გაუხდეთ, ჩვენ კი სერბებს მოსვენება რა უნდა მივცეთ. ჯგუფიდან გასვლის ორი შანსი გვაქვს: თუკი გერმანია განას 3:0-ს მოუგებს და ჩვენ, მინიმუმ, ორბურთიანი სხვაობით ვიმარჯვებთ, ანაც, განა მოიგებს და ჩვენც წარმატებას მივაღწევთ".
ცნობისთვის, ნილს დაცვაში ახალი პარტნიორი ეყოლება. ამჟამად უკლუბოდ მყოფმა კრეიგ მურმა, საწყის მატჩებში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და დისკვალიფიკაცია "აიკიდა", ამდენად, მის ნაცვლად მინდორზე არაბეთის გაერთიანებული ემირატების კლუბ "ალ ჯაზირას" წევრი მაიკლ ბეაჩუმპი იასპარეზებს.
გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან სერბები, რომელთაც საუკეთესო შემადგენლობა მწყობრში ჰყავთ და სამი ქულის აღების შემთხვევაში, ფლეი ოფის საგზურს ვეღარავინ წაართმევთ. სერბთა ერთ-ერთი ლიდერი დეიან სტანკოვიჩი, სავარაუდოდ, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ირჯება, ამდენად, მაქსიმალურად წარმატებულად გამოსვლისთვის ყველაფერს გაიღებს.
"უკვე 31 წლის ვარ და ალბათ, მუნდიალზე ვეღარასდროს ვითამაშებ. ეს ჩემი უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონატია და მინდა ქომაგებს თავი კარგი თამაშით დავამახსოვრო. სერბეთის ნაკრებს მერვედფინალში გასვლისთვის კარგი შანსი აქვს და მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
ავსტრალიელებს კიუელი და მური დააკლდებათ, რაც საკმაო უპირატესობას გვაძლევს. ჩვენი მეტოქე კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც პირველიდან ბოლო წუთამდე ვაჟკაცური ბრძოლა ეხერხება. ამ თვისებებს ძალიან ვაფასებ, მაგრამ ბოლო მატჩში, ავსტრალიელებს წარმატებას ნამდვილად ვერ ვუსურვებ", - განაცხადა სტანკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ D ჯგუფის გამარჯვებულები, მერვედფინალში ჩ ჯგუფის (ინგლისი, აშშ, სლოვენია, ალჟირი) მოწინავე წყვილს დაუპირისპირდებიან. ამ ჯგუფის მატჩები დღეს 18:00 საათიდან დაიწყება და "ღამის სესიაში" მოასპარეზეთ, გარკვეულწილად, მეტოქეთა შერჩევის საშუალებაც ექნებათ.
23 ივნისი. 22:30. Mbombela Stadium ნელსპრუიტი
ავსტრალია – სერბეთი
სავარაუდო შემადგენლობები
ავსტრალია: შვარცერი ("ფულჰემი", ინგლისი), უილკშირი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ნილი ("გალათასარაი", თურქეთი), ბეაჩუმპი ("ალ ჯაზირა", არაბეთის გაერთიანებული ემირატები), კარნი ("ტვენტე", ჰოლანდია), ემერტონი ("ბლექბერნი", ინგლისი), კულინა ("გოლდ ქოასტი", ავსტრალია), კეჰილი ("ევერტონი", ინგლისი), ვალერი ("სასუოლო", იტალია), ჩიპერფილდი ("ბაზელი", შვეიცარია), კენედი ("ნაგოია", იაპონია).
მწვრთნელი: პიმ ვერბეეკი.
სერბეთი: სტოიკოვიჩი ("უიგანი", ინგლისი), ივანოვიჩი ("ჩელსი", ინგლისი), ვიდიჩი ("მანჩესტერი", ინგლისი), სუბოტიჩი ("დორტმუნდი", გერმანია), კოლაროვი ("ლაციო", იტალია), კაჩარი ("ჰერტა", გერმანია), სტანკოვიჩი ("ინტერი", იტალია), კუზმანოვიჩი ("შტუტგარტი", გერმანია), კრასიჩი (ცსკა, რუსეთი), ჟიგიჩი ("ვალენსია", ესპანეთი), იოვანოვიჩი ("სტანდარდი", ბელგია).
მწვრთნელი: რადომირ ანტიჩი.
მსაჯი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი).
D ჯგუფი
1 განა 2 1 1 0 2-1 4
2 გერმანია 2 1 0 1 4-1 3
3 სერბეთი 2 1 0 1 1-1 3
4 ავსტრალია 2 0 1 1 1-5 1