ელის სუმო ლიბერიელი მეანია, რომლის შესახებაც მის ქალაქში უამრავ კეთილ ამბავს მოისმენთ.
Independent-თან იხსენებს, რომ პირველი მშობიარობა მან დიდი სტრესის ქვეშ მიიღო. ელისი 20 წლის იყო, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდა ქალი ამშობიარა. შეიარაღებული მილიცია მას იარაღით აშინებდა და მოუწოდებდნენ, გაეჩუმებინა მშობიარე ქალი, რომელიც ტკივილისგან ყვიროდა.
„ქალი ქუჩაში იწვა და კიოდა. მილიციელები კი ხმამაღლა იძახდნენ, რომ თუ ვინმე არ გააჩუმებდა მშობიარეს, მოკლავდნენ, რადგან მისი ხმა აწუხებდათ“, - იხსენებს ის.
ახალგაზრდა მეანს თან არანაირი საჭირო ნივთი არ ჰქონდა. ჭიპლარი რომ გადაეჭრა, შუშის ბოთლი გატეხა.
მიუხედავად ოჯახის წევრების წინააღმდეგობისა, სუმოს მეანობის შეწყვეტა არც დაუშვია. მომდევნო 28 წლის განმავლობაში მისი დახმარებით ქვეყანას ათასობით ბავშვი მოევლინა. მათი უმეტესობის სახელი ელისია.
მეანის პატივსაცემად ბიჭებს ალექსს არქმევენ.
სუმოს მოსახელეების ასაკი 0-დან 30 წლამდეა, ყველაზე პატარა კი - ალექსია, რომელიც გასულ კვირას დაიბადა.
30 წლის მანძილზე ელისმა გამოიარა ორი სამოქალაქო ომი და ებოლას აფეთქება.
„როდესაც ებოლას კრიზისი დაიწყო ლიბერიაში, საშინელება იყო. ბევრს ეშინოდა, მე კი საათობით ვმუშაობდი,“ - ამბობს სუმო, რომელიც ახლა 48 წლისაა.
ელისი იხსენებს, რომ მეზობლებს მასთან მიახლოების ეშინოდათ, რადგან დიდი შანსი იყო, დაავადებული ყოფილიყო.
იმის გამო, რომ ყველა დასახლებაში არ არის მეანი, მშობიარეებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებოდათ, ელისთან რომ მისულიყვნენ. მათთვის დისკომფორტი რომ აერიდებინა, მეანი თავად დადიოდა სოფლიდან სოფელში.
ახლა სუმო არის სამშობიარო ცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრი ორგანიზაციამ Save the Children გახსნა.