მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „ეშმაკის მსახურია და ის უნდა მოშორდეს როგორც ჟურნალისტიკას, ისე მთლიანად საქართველოს“.
მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებისადმი აღვლენილი საზეიმო წირვის შემდეგ მეუფე იობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
“ე.წ. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ შეურაცხყო ღვთისმშობელი. ის არის წყეული, შეჩვენებული. უკვე აშკარაა, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალ იესო ქრისტეს და ღვთისმშობელ დედას. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველებიც ყავს და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართლმადიდებლები, ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს. მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა. მე, სასულიერო პირმა ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ საპატიებელი არ არის ეს ადამიანი. ის უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას და მთლიანად საქართველოს. მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ. ეგ აღარ მოინანიებს, ეშმაკის მსახურია და საერთოდ, ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი და შხამი იღვრება ამ ტელევიზიიდან. თუკი თითოეული ადამიანი მოისმენს მის სიტყვებს, აღშფოთდება და მდგომარეობიდან გამოვა. ის არის ჭინკა, ეშმაკის მსახური“, - განაცხადა მეუფე იობმა.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ განცხადება გააკეთა.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გაბუნიამ.