მკითხეს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე - რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მკითხეს ტატუნაშვილის სიკვდილზე. მე ამაზე უკვე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა. ყველაფერია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მსგავსი რამე არ განმეორდეს. ამ საკითხების განხილვა პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით უნდა მოხდეს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ინციდენტების პრევენციის მექანიზმები. ვფიქრობ, რომ სერიოზული დასკვნებია გამოსატანი მომხდარიდან“, - განაცხადა კარასინმა.
ამასთან, კარასინი ასევე გამოეხმაურა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შვეიცარიულ კომპანიასთან შეთანხმების გაფორმებას.
„მომავალზე ჰიპოთეტურად არასოდეს ვმსჯელობ, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილი. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წინსვლას გავაგრძელებთ. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ 2011 წლის შეთანხმების შესრულებაში“, - აღნიშნა კარასინმა.