29 მაისს ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. მომღერალი ამ დღეს მოუთმენლად ელოდება. ხუციშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს გადის - ის მძიმე დაავადებას ებრძვის.
როგორც მომღერლის მეუღლემ, მუსიკოსმა მაია ჯორჯაძემ გვითხრა, გიო ოპტიმისტურად არის განწყობილი და ვარსკვლავის გახსნას მოუთმენლად ელოდება, ამ წუთებში კი მას კვლავ გადასხმები უკეთდება.
ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიო ხუციშვილის მეგობრები და კოლეგები: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი "ფორტე" და სხვები. შესრულდება მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და ძალიან საყვარელი სიმღერები.
იხილეთ ვიდეო: "ძალიან გახარებული ვარ... მიყვარხართ ძალიან!" - გიო ხუციშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან
კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი, გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორი:
"გიოს საბრძოლო განწყობა აქვს, ვარსკვლავის გახსნასაც და კონცერტს ძალიან ელოდება. დასამალი არ არის, რომ მძიმე სენს ებრძვის, ამიტომ, 29-ში სცენაზე ყველა მისი მეგობარი გამოვა, რომლებიც იმღერებენ, თავად შეასრულებს რამდენიმე სიმღერას ცალკეც და თავის ოჯახთან ერთად.
კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, რომელმაც გიო ხუციშვილზე ასევე ფილმი გადაიღო. ფილმი მისი ცხოვრების გზას ასახავს დასაწყიდან დღემდე, სადაც თავად გიოა მთხრობელი. ფილმი ფილარმონიის დარბაზში ეკრანზე იქნება ნაჩვენები. მომღელისთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ, მაყურებელს მადლობა გადაუხადოს, რადგანაც თუკი გიო ხუციშვილი როგორც მომღერალი შედგა, მიაჩნია, რომ ეს მაყურებლის დამსახურებაა და ამ კონცერტს სწორედ მათ უძღვნის!" - გვეუბნება ოქიტაშვილი.
ფოტო: გადაცემა "რეაქცია"