ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში თბილისში 100 გველი დაიჭირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ით მეტია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული სააგენტოში განუცხადეს, მაისის თვეში სულ 200-მდე გამოძახება იყო, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების ადგილზე მისვლისას 100 გველია დაჭერილი. მათგან არცერთი არ იყო შხამიანი.
მათივე ინფორმაციით, 2018 წელს სულ 118 გველი დაიჭირეს, რომელთაგანაც 3 შემთხვევა მარტში იყო, აპრილში კი - 15. დაჭერის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კრწანისში, დიდ დიღომსა და ავლაბარში.
რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას, 2017 წლის მარტში სააგენტოს თანამშრომლებმა 3 გველი დაიჭირეს, აპრილში - 16, ხოლო მაისში - 79. სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი გველი გასულ წელს ივნისში დაიჭირეს -134; ივლისში - 87, ხოლო აგვისტოში - 50.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს დაფიქსირებული შემთხვევები ნორმალურია და საგანგაშო არ არის. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლებს გველების დაჭერა ევალებათ, რეპელენტებით მათი დამუშავება კი ფასიანი სერვისია.