ავტორი:

"როცა მღერის, მბურძგლავს და მაჟრიალებს" - ვინ ვის მიიჩნევს კონკურენტად "მხოლოდ ქართულში" და როგორ ახასიათებენ ერთმანეთს

"როცა მღერის, მბურძგლავს და მაჟრიალებს" - ვინ ვის მიიჩნევს კონკურენტად "მხოლოდ ქართულში" და როგორ ახასიათებენ ერთმანეთს

მეხუთე ლაივის შემდეგ პროექტი "მხოლოდ ქართული" კონკურსანტმა შოთა ლეგაშვილმა დატოვა. შოუს მონაწილეები ერთით ნაკლები წევრით აგრძელებენ ბრძოლას. თუმცა ბრძოლა ალბათ მათ შემთხვევაში უადგილო სიტყვაა, რადგან ერთმანეთზე ასე შეყვარებული კონკურსანტები ჩვენს კონკურსებზე პირადად მე არ შემხვედრია. ამაზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ ახასიათებენ ისინი ერთმანეთს და რას უსურვებენ. ვთხოვეთ, სურვილისამებრ აერჩიათ კონკურენტები და ესაუბრათ მათზე.

ალექსანდრე მრელაშვილი:

- მე სოფო ბათილაშვილზე ვილაპარაკებ: ძალიან დადებითი ადამიანია, ყოველთვის კარგ განწყობაზეა, აქტიურობს, დადებითი ენერგია მოაქვს ჩვენამდე და როგორ ცუდ ხასიათზე უნდა ვიყოთ, ავყვებით ხოლმე. თან, ეს ერთი გოგო გვყავს პროექტში, დანარჩენები გამოგვეთიშნენ, სულ ბიჭები ვართ.

როცა ვამბობ, სოფო დადებითი ენერგიის ადამიანია-თქო, ამაში იმასაც ვგულსხმობ, რომ ბიჭებს ყოველი ლაივის წინ ძალიან გვამხნევებს, ხელებს ჩაგვაჭიდინებს და ასე გვამზადებს სცენაზე გასასვლელად.

სოფოში ასევე განსაკუთრებულად მომწონს ხმის ტემბრი, წკრიალა, აკუსტიკური ხმა აქვს... განსხვავებული, სუფთა და განსაკუთრებულია მისი შესრულების მანერა, ემოცია, რასაც სიმღერის დროს გრძნობს. ასაკით პატარაა, 18 წლის და იშვიათია, ასე პატარამ ასე იგრძნოს. მაყურებელს საოცარ ემოციას და ენერგიას ანიჭებს.

- ე.ი. მოგწონს მისი ნამღერი?

- როცა მღერის, მბურძგლავს. კულისებში, როცა ვუსმენ, მაჟრიალებს. "ქარი ქრის" რომ იმღერა, აი მაშინ, ძალიან მაჟრიალებდა... სხვა სიმღერებზეც ასეა, მაგრამ ეგ განსაკუთრებული იყო, თან, ალბათ იმიტომ, რომ ქალს "ქარი ქრის" აქამდე არ უმღერია.

რას ვუსურვებ? წარმატებას, პროექტში დარჩენას და გამარჯვებას. მომწონს და გამარჯვების ღირსია, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების ღირსი ბევრნი ვართ, მაგრამ სოფოს გამოვარჩევდი, ამით იმედია, სხვა კონკურსანტებს არ ეწყინებათ.

საბა კემულარია:

- გოგა გიორგელაშვილზე მინდა ვილაპარაკო: გოგა ძალიან კარგი პიროვნებაა. საერთოდ, ნებისმიერ პროფესიაში და საქმეში მნიშვნელოვანია, იყო პიროვნება... მით უმეტეს, სიმღერაში, რადგან თუ იტყუები, აუცილებლად გაიყიდები. როდესაც კარგი პიროვნებაა შემსრულებელი, მისი ნამღერი ნიჭთან ერთად, კარგ მუსიკას ქმნის და გოგა არის ასეთი ბიჭი. დავესესხები ჟიურის ერთ-ერთ წევრს - გიორგი გაბუნიას, რომ მართლაც ნაკადულივით მზარდია.

რეპეტიციებზე და კულისებში ხმებში გვიმღერია და მუსიკალურად საკმაოდ კარგად აზროვნებს. ბევრი რამ შეუძლია, წინ კარგი მომავალი აქვს, თუ სიმღერასაც გააგრძელებს. თუ არადა, ნებისმიერ სფეროში, რასაც კი ხელს მოჰკიდებს, წარმატებული იქნება.

გოგა გიორგელაშვილი:

- საბა (კემულარია) ჩემს თვალში ქართველი ვაჟკაცია. ჯიგარი ადამიანია. მართლა გულიანი, სუფთა. ნებიმიერს ამხნევებს და გვერდით უდგას. გონიერი, ჭკვიანია და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ყველაფერში იცის ზომიერება. კი ვაქებ, მაგრამ მართლა ეგრეა.

საბას ერთ-ერთი გამორჩეული ხმა აქვს. ხმებში გაშლა ყველასთვის რთულია, მოითხოვს სერიოზულ ყურს, რაც მას აქვს. ეს ბავშვობიდან ან გაქვს, ან არა, ვერ ისწავლი.

ყველაფერს სერიოზულად უდგება, მათ შორის - სიმღერას. ისეთი პროფესიონალია, ხმებში ძალიან ლამაზად მღერის და შეუძლია მუსიკალურად გაშალოს. წარმატებას და გამარჯვებას უსურვებ.

ოთო კვალიაშვილი:

- ალექსანდრე მრელაშვილი ძალიან წესიერი, ზრდილობიანი ადამიანია. ნაკადულს შევადარებდი. ნაკადულივით სუფთა და მართალი ბიჭია. ძალიან მხიარული, მეგობრულია, თავისი კახური გემრიელი იუმორი აქვს, ლაღია. იყალთოდან რომ არის, ეს ნამდვილად ეტყობა - თავის სოფლის სურნელი, სილაღე სულ დაჰყვება და ძალიან უხდება. როგორც მომღერალი, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ძალიან დაიხვეწა. ყოველ ლაივზე უფრო მაგარ შედეგს დებს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ ყველაფერში.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ