არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელმაც მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოში აღარ იმყოფება, შესაბამისად, ლადოს საფრთხე არ ემუქრება და ამიტომ ვიშუამდგომლებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, 2 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს. თუმცა, ადვოკატი აქვე აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მას დიდი იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
"არსებობს აზრი, რომ ადამიანი, რომელიც ამაში მონაწილეობდა საქართველოში აღარ არის და შესაბამისად, საფრთხე არავის ემუქრება, მათ შორის არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. აქედან გამომდინარე, დღეს ვიშუამდგომლებ რომ მას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს. გირაოს სიმბოლურად 2000 ლარს შევთავაზებ, თუმცა მძიმე ბრალდებაა და დიდი იმედი არ მაქვს, რომ დაკმაყოფილდება", - განაცხადა ოტიაშვილმა. ამასთან, ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ლადო გრიგალაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია. ბრალდების მტკიცებულება, ანუ დანა ჭრილობებთან შეუსაბამოა. დანა, რომელიც მკვლელობის იარაღადაა ამოღებული, ჭრილობების ზომებს არ ემთხვევა. ამასთან დაკავშირებით დანიშნული გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა რა კითხვებს გასცემს პასუხს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ბრალდების მხარის ექსპერტიზას არ ვეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ 33 ჭრილობა ამოღებული იარაღით არაა მიყენებული. გოგონა გარდაცვლილია, დაცემულია, ქვაზე აქვს თავი დარტყმული და ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამითია გამოწვეული. თუმცა ძალიან საეჭვო გარემოებაა ის, რომ გოგონას აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ის იშუამდგომლებს, რომ დაუშვებლად ცნოს სასამართლომ ის მტკიცებულება, რომელიც გრიგალაშვილთან გასაუბრებისას ოპერატიულადაა მოპოვებული. ოტიაშვილის თქმით, გამოძიებამ გრიგალაშვილისგან გარკვეული პასუხები მოწმედ გამოკითხვისას მოტყუებითა და შანტაჟით მიიღო და შემდეგ ეს ჩვენება დანაშაულის აღიარებად გაასაღა. მისივე თქმით, ოპერატიული ჩაწერა ასევე კანონდარღვევით განხორციელდა.შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.