მამაკაცი, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას წლების მანძილზე დასდევდა და ემუქრებოდა, დაკავებულია.
ამის შესახებ გრიგოლიამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა:
"დაიჭირეს!!!!!!!!!! მიხარია, რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლებია ჩადიოდა!!!! ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის! თუ ექსპერტიზა დაადგენს რომ შეურაცხადია, გამოკეტონ იქ, სადაც უნდა უმკურნალონ!!!! დღეს პირველად დავიძინებ მშვიდად ამდენი წლის შემდეგ... აღარ მქონდა პოლიციის იმედი, დღეს მადლობას გიხდით", - წერს ტელეწამყვანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინგა გრიგოლიამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემაშფოთებელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტელეწამყვანი ყვებოდა, რომ უკვე წლებია უცნობი მამაკაცი მოსვენებას არ აძლევს და შურისძიებით ემუქრება. როგორც ჟურნალისტი წერდა, მუქარის ავტორი ნასამართლევია და ციხიდან 2013 წელს ამნისტიით გამოვიდა. გრიგოლიას თქმით, უცნობი თავს მის ქმრად და შვილის მამად ასაღებს. ტელეწამყვანმა, დახმარებისთვის, არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა უშედეგოდ.
გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.