დღეს "მხოლოდ ქართულის" მეხუთე ლაივკონცერტია, კონკურსანტები XXI საუკუნის ქართულ ჰიტებს შეასრულებენ. ისინი მაყურებელთან შესახვედრად მონდომებით და მოუთმენლად ემზადებიან.
20 მაისს პროექტის ყველაზე შოუმენი მონაწილის და მაყურებლის სიმპათიის - კონსტანტინე კარანაძის დაბადების დღე იყო, 22 წლის გახდა. როგორც გავიგეთ, უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის, უცნობებმა და ახალგაზრდა მომღერალი კეთილი სურვილებით აავსეს. კონკურსანტებმა და `მხოლოდ ქართულის~ შემოქმედებითმა ჯგუფმაც სიურპრიზები მოუწყო. ხოლო ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ასევე მაყურებლის სიმპათიამ, სოფო ბათილაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი მიუძღვნა.
"კონსტანტინე კარანაძე, იგივე კომშსტა, კოსტაია, კოსწიკა, კო ტე, შმოტე, კოსტა, შმოსტა მოკლედ, სულო გულო, კიდევ იმდენი რამ!...
ადამიანი, რომელიც გინდ პროექტში, გინდ პროექტს გარეთ, თუკი ვინმეს შეუძლია, ყველას მხარში უდგას, ამხნევებს, უზიარებს რჩევებს, ოთხი სიტყვით რომ ვთქვა - ადამიანებს ეხმარება უკიდეგანოდ დაუზარებლად. სუფთა, წრფელი, მგრძნობიარე, უბოროტო, მოსიყვარულე ადამიანი, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, ხეზე - მაკაკა. მაიმუნობის, ღადო-შაყენოობის, სიმხიარულის ფოიერვერკი, ზეიმი და ნიჭიერების აპოგეა. უყვარს სიტყვების გამოგონება, ზოგადად - არ უყვარს რაღაცების "სახელწოდირება"... "ფსიქო-ფიზიკურ-მორალურ-ტრ ანსცენდენტალური აქსესუარით" მუსიკოსი ადამიანი, ნაგიჟარ-დაცენტრილების მხედართმთავარი - იუბილარია...
22 წლის ასაკში გადაბლაყუნებას გილოცავ. კიდევ ბევრი შენსავით არანორმალური და საინტერესო 22 წელი მომელოცოს!" - დაწერა სოფომ კონსტანტინეს შესახებ სოციალურ ქსელში და ერთობლივი ფოტოც გაავრცელა.
AMBEBI.GE სოფო ბათილაშვილს კონკურსში გაცნობილ მეგობარზე გაესაუბრა.
"ის კონკურსის კასტინგზე გავიცანი. გაოცებული ვარ, ძალიან მუსიკალურია. გვერდით მდგომი ადამიანია, მეგობრული, რომ დაგეხმარება და მისი იმედი რომ გაქვს სულ, ასეთია. ბოროტი განზრახვა არასდროს ამოძრავებს, გვერდში გულწრფელად ამოგიდგება, მნიშვნელობა არ აქვს, კონკურენტი ხარ, თუ არა. მთელი გულით მეხმარება. თბილი და სენსიტიური ადამიანია, შეიძლება ძალიან მალე რაღაც ეწყინოს და ძალიან ელემენტარული უზომოდ გაუხარდეს. ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რაც უკვე ვთქვი.
ყველამ შეიძლება არ იცის, მაგრამ წერს არაჩვეულებრივ მუსიკას. არადა, მუსიკალური განათლება საერთოდ არ აქვს. რასაც აკეთებს და აქამდე აკეთებდა, ყველაფერს სულ თავისით მიაღწია. მჯერა, კიდევ უფრო მეტს შეძლებს, თუ ამ კუთხით მოკიდებს ხელს და მუსიკალურ განათლებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ ბევრს შეძლებს.
- ყველა კონკურსანტი ამბობთ, რომ ერთმანეთის მეგობრები ხართ და თქვენ შორის კონკურენცია არ არის, თუმცა რეალურად კონკურენტები ხართ...
- კი, ასეა, რაც უნდა მეგობრები ვიყოთ, ყველას თავის ნომერი აქვს და სცენაზე დამოუკიდებლად გამოდის, მაგრამ მართლა არ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაც დავამარცხო, ვაჯობო. ასეთი რაღაცების გაფიქრებაც კი მრცხვენია, იმდენად მიყვარს თითოეული. რეპეტიციაზე სიხარულით მივდივარ. როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, იქ ყურებჩამოყრილი ვერ ვარ, რადგან ამის საშუალებას არ მაძლევენ, ან მეკითხებიან, როგორ ვარ, ან მე ვეკიხები. ასეთი დამოკიდებულება მაქვს და გვაქვს. ისე შევეჩვიეთ, დავუახლოვდით ერთმანეთს, უკვე იმასაც ვგეგმავთ, ზაფხულში ერთად სად წავიდეთ ლაშქრობაში, სად დავისვენოთ. ასე მხოლოდ ისინი კი არ ვართ ერთმანეთთან, ვინც პროექტში დავრჩით, ისინი, ვინც უკვე გამოეთიშა კონკურსს - ორი ქრისტინე, ნანიკო. ყველას ერთად გვინდა ყოფნა.
- კონსტანტინეს გულშემატკივრობ?
- ძალიან ვგულშემატკივრობ. ძალიან გამიხარდება, თუ მოიგებს.
- დაბადების დღე ჰქონდა და თბილი სტატუსი მიუძღვენი...
- 22 წლის გახდა და მგონი, გამორჩეული დააბადების დღე ჰქონდა. ასეთი არც ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ აქამდე კონკურსანტიც არ ყოფილა, თან ისე, რომ ეს ყველაფერი მის დაბადების დღეს დამთხვეოდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიულოცა, სარეპეტიცოდ რომ მივედით, "რუსთავი 2"-შიც განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყვეს, ბედნიერი იყო და კარგი დღე გვქონდა ყველას.
- რას ურჩევდი კონსტანტინეს?
- ბევრ რაღაცას ვურჩევ ხოლმე, მაგრამ ახლა ვურჩევ, დარჩეს ისეთი ადამიანი, როგორიც არის. თუ ასეთი იქნება, არასდროს დაბერდება. ამავე დროს ძალიან ძლიერია, რამდენი პრობლემა აქვს და თავს არავის ახვევს. საკუთარი პრობლემით არავის აწუხებს.
- როგორ ემზადები დღეს კონცერტისთვის?
- რეპეტიციები დიდხანს გვიგრძელდება და ძალიან მობილიზებულები ვართ. XXI საუკუნის ცნობილი ჰიტები უნდა მოვამზადოთ. მე ჟიურის ერთ-ერთი წევრის სიმღერას ვასრულებ. საპასუხისმგებლოა, ვნახოთ, რა გამოვა.