17 მაისს, იტალიაში მხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა თეა ნიკოლაიშვილმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა. 46 წლის ქალბატონი ემიგრაციაში რამდენიმე წლის წინ წავიდა, ერთი წლის წინ კი ქალიშვილი ლ. ღ. წაიყვანა, რომელიც იტალიაში მოხუცს უვლიდა.
ერთი კვირის წინ იტალიელმა სამართალდამცველებმა ღვინიაშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, თეა ნიკოლაიშვილმა თვითმკვლელობა სწორედ შვილის დაკავებით გამოწვეული სტრესის გამო ჩაიდინა. Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ახლობელმა უამბო, რომ თეა ნიკოლაიშვილის ქალიშვილი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
მისი თქმით, ლ.ღ.-ს დაკავების საქმეში ქართველი მამა-შვილი და 20 წლის გოგონა ფიგურირებს.
"ამბობენ, რომ ლ-ა თაღლითობის მსხვერპლი გახდა. როგორც ემიგრანტები მწერენ, რამდენიმე ხნის წინ ლ-მ დაქალს უთხრა, რომ ბებოს, რომელსაც ის უვლიდა, ბევრი ფული აქვს შენახულიო. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მან გაიცნო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მერე თითქოს მისი შეყვარებული გახდა და ამბობენ, რომ მან და მამამისმა გოგონაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. როგორც გავიგე, ლ-მ მისი მოხუცისგან მოიპარა თანხა, 40 000 ევროს ოდენობით და საქართველოში ვიღაც გოგოს ანგარიშზე გადმორიცხა. პოლიცია მალე გავიდა კვალზე და აკვირდებოდნენ ლ-ს "ფეისბუქს". დედამისის თვალწინ დააკავეს, განგაში ყოფილა ამ ამბავზე იტალიაში" - გვითხრა გარდავლილის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge გარდავლილის ბიძაშვილს ვასილ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა:
- რა გახდა თეას თვითმკვლელობის მიზეზი, რა ინფორმაცია გაქვთ?
- ზუსტად არაფერი ვიცი, ერთი კვირის წინ დაიჭირეს მისი შვილი, თვითონაც არ იცოდა რატომ დაიჭირეს ლ-ა. ბოლოს სამი დღის წინ ველაპარაკეთ. გვითხრა ვნახავ და გავიგებ ყველაფერსო. ეტყობა ნახა და მერე მოიკლა თავი, თუმცა რა მოხდა არ ვიცი. გვითხრეს სადაც მუშაობდა იმ სახლის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა.
- ამბობენ, რომ მისი ქალიშვილი შეყვარებულმა და მისმა მამამ მოტყუებით გახადეს თაღლითური დანაშაულის მსხვერპლი...
- ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს ვერსიაც არსებობს, მაგრამ დეტალურად არ ვიცი რა ურთიერთობა ჰქონდა იმ ბიჭთან. წარმოდგენა არ მაქვს. ახლა გამოძიება მიდის და გაირკვევა რა მოხდა რეალურად.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ წერილი დატოვა გარდაცვალებამდე, იცით რა წერია წერილში?
- ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ჭორის დონეზე ბევრი რაღაც ვრცელდება და რა არის მართალი და რა არა ჯერ ვერ გეტყვით.