ავტორი:

"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?

"შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს..." - ვის და რატომ სურს მედიას ექიმების შეცდომებზე საუბარი აუკრძალოს?

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში მედიის ძალა და ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ხელისუფლებასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე, ალბათ, ყოველდღიურად იმატებს. რომ არა ჟურნალისტების ე.წ. watch dog (მოდარაჯე ძაღლის) საქმიანობა, ხალხისთვის მიუწვდომელი დარჩებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამის გამო მედიის წარმომადგენლების გაჩუმებასა და მათთვის შეზღუდვების დაწესებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ. ამჯერად, სფერო სადაც მედიისთვის შეზრუდვის დაწესება მოისურვეს, სამედიცინო საქმიანობის გაშუქებას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი (ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე), გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 2000 ლარით. წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მედიაში მსგავსი საკითხების გაშუქებისას ექიმების მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხდება დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელება.

ალბათ, მკითხველს სულ ცოტა ერთი გახმაურებული შემთხვევა მაინც ამოუტივტივდება გონებაში, როცა მედიით ექიმის სავარაუდო გადაცდომის შესახებ სკანდალური ინფორმაცია მოისმინა. ამბავი, სადაც პაციენტის ოჯახის წევრები ყვებიან, როგორ დაუმძიმდა მდგომარეობა მის შვილს, მეუღლეს, დას, ძმას თუ მეგობარს ექიმის უყურადღებობის გამო, ან როგორ გარდაიცვალა პაციენტი დიაგნოზის არასწორად დასმისა თუ ოპერაციის არაპროფესიონალურად ჩატარების გამო.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება რომ კანონის სახით, მაგალითად გასულ წელს ძალაში შესულიყო, ექსპერტიზის ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მედია ვერ შეძლებდა იმ ამბის გაშუქებას, როცა 2017 წელს ხატია თვაური ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა. ვერც ცოტა ხნის წინ, ნათია ჩაგანავას ამბავს შეიტყობდა საზოგადოება, რომელმაც 2018 წლის აპრილში საკეისრო კვეთით იმშობიარა და მალევე კომაში ჩავარდა.

„კლინიკების ასოციაციის“ იურისტის, ირაკლი სერგიას თქმით, საკანონმდებლო წინადადებით არ სურთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და არც პაციენტის ახლობლებს უკრძალავენ მედიაში საუბარს, თუმცა მისივე თქმით, გაშუქება უნდა მოხდეს როგორც მოსაზრება და არა როგორც ფაქტი.

იმისათვის, რომ ამ წინადადებამ საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიიღოს, საჭიროა, ის შესაბამისმა კომიტეტმა განიხილოს და მხარიც დაუჭიროს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მედიაში სამედიცინო გადაცდომებთან დაკავშირებული ამბების ობიექტურად გაშუქების სერიოზული პრობლემაა, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციას მხარს არ უჭერს.

„სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეშინებული ექიმი, შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე. ისეთ სიტუაციაში, სადაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წყვეტდეს, შეშინებული ექიმი, ამ შემთხვევაში, არის ძალიან ცუდი დამხმარე. თუმცა, მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი რეგულაციის, კანონის, თუ ჯარიმის, რომლითაც მედიას ავუკრძალავთ კონკრეტული თემის გაშუქებას. ეს არის თვითრეგულირების თემა: მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სწორედ „კლინიკების ასოციაციის“ მიერ წარდგენილი წინადადების ზედაპირულობა და ბუნდოვანება გახდა ჯანდაცვისა და მედია ექსპერტების კრიტიკის საფუძველი. მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ექიმების საქმიანობასაც ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ჟურნალისტებისას. მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ექიმებს ისედაც შეუძლიათ ცილისწამებაზე იურიდიული მექანიზმებით საკუთარი უფლებების დაცვა, გადაცდომებზე საუბრის აკრძალვა ცენზურის დაწესებას ჰგავს.

„წარმოვიდგინოთ შემთხვევა: პირდაპირი ეთერია და ოპერატორი, რომელსაც ჩართული აქვს კამერა, ხედავს ადამიანების პროტესტს, რომელიც ექიმის წინააღმდეგ მძაფრად ნეგატიურადაა გამოხატული. აქ რა უნდა გააკეთოს ტელევიზიამ? გათიშოს ეთერი? თუ თქვას, რომ კი მოხდა რაღაც, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ვერ გავაშუქებთ? დღეს არსებობს ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ექიმებმა დაიცვან თავიანთი უფლებები. მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, რაიმე დამატებითი მექანიზმები შემოვიდეს, რომელიც ძალიან ჰგავს ცენზურას. ამავე ლოგიკით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელმა - მოსამართლემ, პოლიციელმა, პოლიტიკოსმა - შეიძლება ჩათვალოს, რომ მედიის მიერ გაშუქებულ ამბავში ის გალანძღეს, ღირსება შეულახეს. ამ ლოგიკით მაშინ არაფერი აღარ უნდა გავაშუქოთ,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ამავე აზრს იზიარებენ ჯანდაცვის ექსპერტები, რომელთა თქმითაც ექიმის საქმიანობას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა გადაცდომებზე მედიაში საუბრის აკრძალვა, ცენზურის ნიშნებს შეიცავს. ჯანდაცვის ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა, პირველ რიგში, პაციენტის უფლებებსა და საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული და ამის დეფიციტის ფონზე ექიმებისა თუ კლინიკების უფლებების კიდევ უფრო მკაცრი რეგულაცია, ზედმეტია. კიდევ ერთი ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის აზრით, აღნიშნული ფორმულირებით ეს საკანონმდებლო წინადადება კრიტიკას ვერ უძლებს და მის მიღებას აბსურდად მიიჩნევს.

„მაგ წინადადებით გამოდის, რომ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ნებისმიერ გადაცდომაზე საუბარი, სანამ სასამართლოს საბუთი ან ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება. მათ შორის მეც, ჯანდაცვის სპეციალისტი რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ რომელიმე კლინიკაში რამე გადაცდომაა, გამოდის რომ ეს ვერ გაშუქდება. ეს არის ჩვეულებრივი თავისუფალი აზრის შეზღუდვა და ცენზურის დაწესება,“ - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

როგორც ძველი ქართული ანდაზა ამბობს, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. როდესაც ზემოთ მოყვანილი შემთხვევებისას პაციენტის ოჯახის წევრები ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ, მათ ეჭვებს რეგულირების სააგენტოს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 67 ექიმს სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 157 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

მაშინ, როცა მშობიარე ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ მხოლოდ ახალდაბადებული შვილის ჩახუტებას ასწრებს და კომაში ვარდება, მაშინ როცა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ 17 წლის გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში გაურკვეველი დროითაა, ანდა მაშინ, როდესაც 22 წლის ქალის სიცოცხლე, მშობიარობის შემდეგმა გართულებებმა იმსხვერპლა, ალბათ ძნელია ჟურნალისტმა მათ ახლობლებს ამბის გაშუქებაზე უარი უთხრას. ის ფაქტი, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს პრობლემის მოგვარების უპირველეს გზად მედია ესახება, ალბათ, მედიის კი არა სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემაა.

საფუძველს მოკლებული არ არის ვიფიქროთ, ადამიანებს სასამართლოს ობიექტურობის რომ სჯეროდეთ, საგამოძიებო უწყებების ეფექტურობის რომ სჯეროდეთ, ექიმების მაღალკვალიფიციურობისაც რომ სჯეროდეთ, საშველად პირველ რიგში, მედიას არ მოუხმობდნენ. მედიას, რომლის მიერ ატეხილი ხმაურიც არაერთხელ გამხდარა გამოძიების დაწყებისა თუ სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით