ღაზა-ისრაელის საზღვარზე დაწყებული საპროტესტო აქციებისას 10 პალესტინელი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რამდენიმე პალესტინელი შეეცადა საზღვარზე არსებული ბარიერები გადაელახა და ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილიყო, დემონსტრანტები ასევე წვავდნენ ავტომობილების საბურავებს.
პალესტინელები ღაზას სექტორში საყოველთაო გაფიცვას აშშ-ს იმ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად აწყობენ, რომლის მიხედვით საელჩო იერუსალიმში გადააქვთ. რეგიონში არ მუშაობს მაღაზიები, სკოლები და უნივერსიტეტები. გამოსვლებისკენ მოწოდება გააკეთა ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის რადიკალურმა მოძრაობამ „ჰამასი“.
იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. ღონისძიება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასში 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეომიმართვით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმება.