"შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე - 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს" - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებთან და სხვა არასამთავრობოებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა და მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს. ესაა ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ესაა პირველი შეთანხმება და ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბების ტერიტორიიდან, საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც სპეცოპერაცია შსს-მ უშუალოდ ღამის კლუბებშიც ჩაატარა.
"შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს-ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირი განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე მხარეს, "თეთრი ხმაურის" ლიდერებს "არ აქვთ განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მიიღებენ":
"ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შს მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში რეალიზაცია დარჩება დასჯადი და რეალიზატორებთან ბრძოლა გაგრძელდება. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც ნარკოტიკების რეალიზაცია იყო მკაცრად დასჯადი ქმედება.
თუმცა მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ წინსვლას მივიღებთ, მით უმეტეს, რომ კობახიძემ თქვა, რომ კიდევ ახალ კანონპროექტს შეიტანენ. ჩვენი კანონპროექტი არის ერთადერთი მსხვილი კარგი კანონპროექტი, რაც არსებობს. არის კიდევ რვა ნივთიერების კანონპროექტი.
შინაარსზე არ გვინდოდა ლაპარაკი, გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. ითქვა, რომ რამეთი დავიწყოთო. მაქვს განცდა, რომ ოთხშაბათს შეიძლება გვითხრან, რაზე არიან წამსვლელები. არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების კანონპროექტი და უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოზადებული კანონპროექტი“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით სუბელიანმა.
მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა წიქარიშვილი არ გამორიცხავს, რომ "თუ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადაინაცვლონ:
“დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურით მოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
წიქარიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე შეძლებს წასვლას იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იყო, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ „უფრო მეტად გაიხსნას ხელისუფლების კარი“.