„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ წუხელ კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმირებულმა წყაროებმა გააგებინეს, რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე, რაც მათი ინფორმაციით, 12 მაისის ღამის მოვლენებმა დაადასტურა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აცხადებს, რომ ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმული მათივე მიერ.
„12 მაისის შავი პარასკევის მოვლენებამდე ჩვენ კონკრეტული პირები გვწერდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე. წყაროები, რომელთა სახელებს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, გვატყობინებდნენ, რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ პირები, რომლთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კლუბების წარმომადგენლებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კლუბები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უდანაშაულობაში, აღნიშნული ინფორმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიგვიცია.
12 მაისის ღამის მოვლენებმა ფაქტობრივად დაადასტურა წყაროს ინფორმაცია, რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენებმა ფაქტობრივად ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა კლუბებში ადგილი ჰქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ასევე ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე.
ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ. შეგახსენებთ გუშინ კლუბ ბასიანზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს არცერთი კლუბის თანამშრომელი და არსებობენ მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიცია საკუთარი ხელით ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე გაურკვეველ ნივთიერებებს.
ვთხოვთ საზოგადოებას, არ აყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში, ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე, ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას, რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული, სწორედ იმისთვის, რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ“, - აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.