სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წუხელ, ღამით, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის სკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ესაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვდა შს მინისტრის მოადგილეს და ასევე კომუნიკაცია ჰქონდა უშუალოდ მინისტრთან.
"მაინტერესებდა რატომ გახდა საჭირო, რომ უშუალოდ კლუბში განხორციელებულიყო სპეცოპერაცია იმ დროს, როცა იქ ადამიანები იმყოფებოდნენ. ასევე ვესაუბრე იმ განცხადებებზე, რომელსაც აკეთებენ მოქალაქეები, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ასევე დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენა. ამ ეტაპზე მივიღე ზეპირი განმარტებები. მათი განცხადებით, სპეცოპერაცია დაიგეგმა სასამართლოს განჩინებით. მათი ინფორმაციით, ჰქონდათ მასალები, მათ შორის ვიდეომასალები, რომ კლუბის ტერიტორიაზე საღდებოდა ნარკოტიკი. ისინი ამით ასაბუთებენ კლუბის ტერიტორიაზე შესვლას. აცხადებენ, რომ ყველა პოლიციელი აღჭურვილი იყო ვიდეოკამერით, შესაბამისად, მე მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ მის მიმართ იყო არასათანადო მოპყრობა, ძალის გადამეტება, რა თქმა უნდა ჩვენ ყველა საქმეს შევისწავლით და მივიღეთ დაპირება, რომ ვიდეომასალის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ლოკაციაზე იმყოფებიან და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი გამოხატვა იყოს უზრუნველყოფილი პოლიციელთა მხრიდან", - აღნიშნა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა აქციის მონაწილეებს მოუწოდება, მშვიდობიან ჩარჩოებში გამოხატონ პროტესტი, ასევე სამართალდამცველებს მოუწოდა, უზრუნველყონ მოქალაქეთა მშვიდობიანი გამოხატვა.
„შსს-ს პოზიციაა ის, რომ ეს ადამიანები აყვანილი იქნენ კლუბის გარეთ, თუმცა მათ ჰქონდათ ინფორმაცია შიგნითაც ნარკოტიკების შესახებ და შესაბამისად, კლუბში შესვლაც ამ ნარკოტიკების ამოღებას უკავშირდებოდა“, - დასძინა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.