პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ. აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.აქციაზე ასევე ხმაური მოჰყვა გია ბარამიძისა და რომან გოცირიძის გამოჩენას.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს არის ახალგაზრდების აქცია და პოლიტიკოსებს იქ არაფერი ესაქმებათ. თავის მხრივ რომან გოცირიძე განმარტა, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან სწორედ იმიტომ მივიდნენ, რომ იმ ადამიანებს შეხვდნენ, ვინც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობენ და თავად სწორედ პარლამენტის წარმომადგენელია.
მოგვინებით აქციაზე მივიდა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელმაც აქციაზე რამდენიმე ადამიანის დაკავება გააპროტესტა და პასუხისმგებელი პირების მიერ განმარტებები მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.