„ქართული ოცნების“ დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნულ პოსტზე მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა - დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია“ - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს და საზოგადოებას.
რატომ ბრუნდება პოლიტიკაში?
ყოფილმა პრემიერმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან და რა მიზეზით ბრუნდება ახლა. ივანიშვილის თქმით, 2012 წელს მან თავისი მისია შეასრულა და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.
“რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი?! რატომ გადავწყვიტე ახლა, რომ კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაარსე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.
დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის რაც ჭარბად გამაჩნდა - ხალხის ნდობა, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა. მაშ, ახლა რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის და მზად ვარ გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები. ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც “ქართული ოცნების“ და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია, ისე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია - საქართველო, ქართველი ხალხისა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 6 წელი
“მინდა ჩვენი ერთად განვლილი გზა მიმოვიხილო. დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მითუმეტეს, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და სიამაყითაც კი ხაზი გავუსვა იმ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ 6 წელიწადში მიაღწია.
პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განამვლობაში განიცადა. დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან დაცულნი არიან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა - ისინი არჩევნების გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე აძლევენ მას ხელისუფლების მართვის ლეგიტიმაციას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე, ორიენტირებული ხელისუფლება.
"ამის თვალსაჩინო მაგალითს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი - კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზირებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, ქვეყანაში დოვლათის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული არასტაბილურობის და რყევების მიუხედავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო, ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რეგიონში ლიდერობს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
რუსეთთან ურთიერთობა
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ისე დაახლოებული არასოდეს ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.
„არასოდეს საქართველოს ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად. ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა.
საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, მიუხედავად მსოფლიოში არსებული არაერთი გამოწვევისა, შეძლო საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცვალებად, არაპროგნოზირებად, ტერორიზმსა და გლობალურ სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე მდგარი მსოფლიოს პირობებში, როდესაც არნახულად მაღალია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების დაპირისპირების ხარისხი, ჩვენ შევძელით საქართველოს მოქალაქეებისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი პარტიის რიგით მეხუთე ყრილობას, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ესწრებიან. პარტიამ დააამტკიცა ახალი პოლიტსაბჭო.