სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 90 წლის თინა სეფერთელაძე-ჩიგოგიძეს. გურული ბებო საოცარი იუმორით, სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მისი ოჯახის ამბებს, დუხჭირ ახალგაზრდობას, ნაადრევად გარდაცვლილ მეუღლეს და სხვა ამბებს...
გურიის სოფ. ინტაბუეთიმამა, დედა და ორი და
„მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს და მამაჩემიც წეიყვანეს. მისი გზა და კვალი თვალად აღარ დაგვინახია მერე, მეტეხის ციხეში იყო და იქინე დახვრიტეს. ბავშვობაში მეუბნებოდნენ - მამაშენი მენშევიკია, ამფერია-იმფერიაო და დახვრიტენო. მერე გავიდა რამდენიმე წელი და განთავისუფლების ქახალდი მომივიდა - თქვენ მამას არაფერი დანაშაულობა არა აქვსო და დახმარება მომცენ, პენსიაც ორმაგი მომცენ. მაშინ ქვეყნის დამაქცევარი იყო და ახლა ქეა მართალი.
ორი დები დავრჩით და დედაჩემმა ჩოხატაურის რაიონში წამოგვიყვანა, სოფელი გვქონდა წიფნაგვარა და იქინე ვცხოვრობდით მარტო ქალები. საწყალი დედაჩემი ჩაის კრეფდა და ძაან გაჭირებით ვიყავით. გადასარევი წყალი მქონდა და ბახმაროს მთავარი გზა გადიოდა ჩემ ჭიშკართან. რომ მეტყონენ წყალი დამალევიეო, ბანკით მიმქონდა წყალი. გეფიცები თუ რამეს ვამატებდე, სტაქანი არ მქონდა, ა ისეთი გაჭირვება იყო. ახლა ხრუსტალებითა და სერვიზებითაა გამსებული სახლი, დედა. სკოლა ხიდისთავში დავამთავრე. წიფნაგვარადან სამი კილომეტრი იყო და იქიდან დავდიოდი ფეხშველი, რომე ხიდისთავში ჩავსულიყავი, ჩუსტები ჩემეცვა და სკოლაში წავსულიყავი იმით. იქინე დავამთავრე საშუალო. მერე თბილისში ეკონომიურის ტეხნიკუმი დამამთავრებია დედაჩემმა და მეტზე არც მიოცნებია. ვერ შევძლებდით მეტს, დედა. მარა ახლა რო ასპირანტურაა, ჩემმა შვილიშვილმა დაამთავრა იგი, მაშინ ამფერები კი არც იყო, მაგრამ ცოტა-ცოტა განათლება გვქონდა ისე.“
გათხოვების ამბავი
„ჩემი და უფროსი იყო და შუუყვარდა ძაან ღარიბი კაცი. სანახავად რომ მივედით დედაჩემი და მე, ქალამნები ეცვა. ქალამნები იცი რაია?! ტყავისგან შეკერილი ჩუსტები. მაინც გათხოვდა იმ ღარიბ კაცზე ჩოხატაურში. დავრჩით მე და დედა. ეკონომიური ტეხნიკუმი რომ დავამთავრე თბილისში, ჩამევედი სოფელში. ჯერ გუუთხოვარი ვიყავი და ხიდისთავში ვმსახურობდი. ახლა ჩემი გათხოვების ამბავი გინდა? მაღაზიაში ვმუშაობდი. ამ დროს მანქანები არ იყო და ფეხით მივდიოდი ჩოხატაურში, ბანკში ნავაჭრი ფული უნდა შემეტანა. ამ გზაზე გევიხედე და ჩემი ამხანაგის ეზოში მუშაობს ერთი თმახუჭუჭა ბიჭი. შევხედე და მანც შემომხედა. კაი ახლა, ჩევიარე, წევედი რაიონში და ჩავაბარე აი ფული. მევედი და იმ ჩემ ამხანაგს უთხარი - მერი, ვინაა გო იი თმახუჭუჭა ბიჭი რომ მუშაობს შენთან-მეთქი. თინაო, ეგი იმფერი კაი ბიჭიაო, მითხრა, საუკეთესოო. იქიდან მიყვა - ამან თქუა, იმდან თქუა და ამან გეიცნო, იმან გეიცნო... მერე დუუახლოვდით, ხიდისთავში იარებოდა თვითონ და ვხდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მერე ჩეერია სხვაც და მალევე გადაწყდა ჩვენი საქმე.
კი, მე სიყვარულით წავყევი ჩემ ქმარს და მალე ტყუპი ბაღნები შეგვეძინა. შვილები რო მეყოლა, სამსახურში ვეღარ წევედი. სახლში ჩაისაც ვკრიფავდი, საქონელსაც ვუვლიდი და ოჯახსაც ვინახავდი. ჩემი ქმარი მოხელე კაცი იყო და სულ მუშაობდა, მე ჩაიში ვმუშაობდი, ძირითადად და ასე შევქმენით ოჯახი. ასე კი არ ვიყავით მაშინ, დედა? ძაან ღარიბები ვიყავით. რომ მომიყვანეს, რკინის კრაოტები იყო და ზედ ძელი დადობილი. მაგრამ, მერე მივყევით, მივყევით და შრომით შევქმენით ყველაფერი. ახლა რომ ერთობიან და იგია. მაშინდელი ცხოვრება აღარ ეიწერება. ახლა ახალგაზრდა ქალები რომაა მანიკურები აქვენ ხელზე გაწებული, მიდიან რაიონში და მუშაობენ. მაშინ სულ ჩაში ვიყავით. ტელევიზორში გინახავს ჩაი, დედა? წვიმაში ვკრიფავდით და სულ სველები ვიყავით. ვინ ატარებდა მაშინ დროს... მე, მაგალითად, პირადად რომ შემეკითხნენ, ეხლანდელი დრო მომწონს ძაან. რატომ და - პირობები კაია, ცალობით შაქარია, პურის ფქვილია. მაშინ ძაან გაჭირვება გვქონდა, დედა, სა ნახავდი. რაცხა შავ ცეცხლს დავანთებდით და კეცს გადავადგამდით. აგერ, თან ჩაი უნდა მომეკრიფა - ხან დემეწვებოდა, ხან ცომი გამოცხვებოდა და ასე. ახლა, აგერ, მუდმივი გაზი შემოგვივიდა სახლში. ამას ვიფიქრებდი მე, რომ მუდმივი გაზი მეღირსებოდა?!
რა არის იცი?! ძაან-ძაან გემრიელი ქმარი მყავდა. ისე ადრე მომიკვდა რომე, მე მაშინ ჩავყოლოდი უნდა მიწაში. ისეთი ტკბილი კაცი იყო, ერთხელ „ჯანდაბა“ არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. თითონ ტიპი იყო იმფერი. რა მეორედ გათხოვება, დედა, გადირიე?! 50 წლის ვიყავი ქმარი რომ გარდამეცვალა, მას მერე მოკლე კლავიანი კაბა არ ჩამიცმია და მის სახელზე მივდივარ მიწაში. მე იმას არ ვუღალატე და არც არაფერი, რავა გეკადრება.
ადრე გათხოვება უფრო შუამავლობით იყო. ახლა სხვანაირად არის, წლობით არიან შეყვარებულები და მერე მიყობიან. ასე უფრო ჯობია, რომ კარგად გაიცნონ ერთმანეთი. ახლა შუამავლობა რას ნიშნავდა - მე მყავს ერთი კაი ნათესავი და გაგირიგებ შენ. მეიყვანდნენ იმ ბიჭს, მეიყვანდნენ ამ გოგოს და შეახვედრებდნენ საცხა ერთმანეთს. მერე მიიყვანდნენ მშობლებს, მშობლები ნახავდნენ იმ გოგოს და მათი თანხმობით გაკედებოდა საქმე. მშობლებს თუ არ მოეწონებოდათ გოგო, არ წაყვებოდა და არც ბიჭი არ მიიყვანდა. ჰო, ასე იყო.
მერე იყო მზითვი. თუ ჰქონდა საშუალება მზითვის, გაატანდა რამეს - მის საწოლ ლოგინს და იმას-ამას. თუ გაჭირვებული იყო, ვერაფერსაც ვერ გაატანდა. მე, მაგალითად, ჩემმა მეზობელმა პირსახოცი მომიტანა, ბიძაშვილმა თბილისდან რომ ჩამევიდა, ტუფლები ჩამომიტანა და რაცხა-რაცხები მოვჭუჭკე მზითვად. აი პირასახოცი რომ მოვედი აქანა, სტოლზე გადავაფარე, სტოლსაფარი არ იყო. მოკლედ, ამფერ გაჭირვებაში იყო იგი ჩემი ოჯახი, რომ მომიყვანეს. წყალი რომ წყალი იყო, წყალიც არ ქონდათ. რაფერი წყალი გვქონდა იცი? ამოთხრილი იყო ორმო, კოპე იყო ზედ დასობილი და შიგ ღვაჭიჭები (ავტ. პატარა ბაყაყი) ცურავდნენ. გამიკვირდა, ამ წყალს სვამდნენ. ახლა ძალიან კარგ ოჯახში ვარ მომხვდარი. შვილიშვილები მყავს იმფერი იმფერი რომე, რომ აღარ ეიწერება. ნამეტანი კაი!“
კიდევ ერთი ამბავი...
„აი, ილიკო და ილარიონზე მოგიყობი კიდევ ერთ ამბავს. ხიდისთავში როცა ვმუშაობდი, ილიკოს და ილარიონს ვიცნობდი კარგად. ილიკოს თვალი ჰქონდა ნატკენი. „ილიკო, წრუპ“ დოუძახებდნენ და ეს თავს გააქნევდა. ამ ილარიონს კიდო კაბალახი ედო თავზე, გეიარდა- გამეიარდა და ამით ვიცნობდი, მთლად მეზობლები კი არ იყვნენ ჩემი. დედაა კინო რომ გამევიდა, ვიცანი - ქლათ ილარიონს იი გავს, ილიკოს იი გავს, კაბალახიც და ქლათ-ქლათ ყველაფერი ასე რაფერ გამონახეს და დაამსგავსეს?!რა გითხრა მეტი... რა არი იცი?! ახლა, კი ვარ 90 წლის და თქმაც მცხვენია, მარა აზრი და გონება არ მაკლია ჯერ“
© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან