საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, თითქოსდა ის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო. ბრალდებულმა მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გამოართვა და დაპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.