ავტორი:

გაიცანით 17 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც იელის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

გაიცანით 17 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც იელის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

„რაც ნამდვილად მინდა გავაკეთო, არის ის, რომ რაც შეიძლება კარგი განათლება მივიღო, შემდეგ საქართველოში დავბრუნდე, რადგან ამ ქვეყანას ბევრი ახალგაზრდა სჭირდება, რომელსაც კარგი განათლება და უნარები ექნება“ - ასე გვპასუხობს კითხვაზე სამომავლო გეგმების შესახებ 17 წლის გიორგი ბექურიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ აშშ-ს იელის უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი მიანიჭა და სწავლა წელიწადში 74 000$-ით დაუფინანსა.

გიორგიმ უკვე გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ეკონომიკა და ფსიქოლოგია ისწავლოს, მიღებული ცოდნა კი საჯარო ან კერძო სექტორიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

„ეკონომიკაც და ფსიქოლოგიაც ადამიანის ქცევას შეეხება. ეკონომიკით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემს დას ლექციების თარგმნაში ვეხმარებოდი, შემდეგ ამ მიმართულებით საბაზისო სახელმძღვანელოებს გავეცანი, რაც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული და გადავწყვიტე, რომ სამომავლოდ ეკონომიკა შემესწავლა. რაც შეეხება ფსიქოლოგიას, შესწავლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ზიგმუნდ ფროიდს გავეცანი,“ - განმარტავს ის.

იელის უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების 20-ეულშია და აქ მოხვედრა მასაჩუსეტსის, ჰარვარდის ან სტენფორდის უნივერსიტეტებზე არანაკლებ რთულია. გიორგიმ იელის უნივერსიტეტი სწავლების მეთოდისა და პროფესორების გამო აირჩია.

„სხვა უნივერსიტეტებში პროფესორმა შეიძლება ერთხელ ჩაატაროს ლექცია და მერე მთელი წელი ვეღარ ნახო, აქ მათ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები აქვთ, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას ავალდებულებთ. გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი ჩემთვის სხვადასხვა კულტურის გაცნობის კარგი საშუალებაა. იელის „ფეისბუქ“ ჯგუფშიც, სადაც უკვე დავემატე, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები მრავლად არიან,“ - აღნიშნავს გიორგი ბექურიძე.

იმისათვის, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო, სხვადასხვა აქტივობაში (გიორგი „წითელი ჯვრის“ მიერ განხორციელებულ პროექტშიც იყო ჩართული) ჩართვის ისტორია და იელის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ტესტის შევსება დასჭირდა, რასაც თავი წარმატებით გაართვა და ოცნებაც აისრულა. როგორც გიორგი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, ცდილობდა, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოლოდინები არ ჰქონოდა, რადგან წინასწარ იმის განსაზღვრა, ჩაირიცხებოდა თუ არა, შეუძლებელი იყო.

„ტესტი, რომელიც დავწერე, ინგლისურსა და იმ საგნებს შეეხებოდა, რომლებიც მაინტერესებს. ყველაზე რთული ინგლისური ტესტი იყო, რადგან ის არა ენის ცოდნაზე, არამედ ლოგიკაზე, ანალიზის უნარზე იყო დაფუძნებული.

ღამის სამი საათი იყო, დედაჩემს რა თქმა უნდა, არ ეძინა, იელის უნივერსიტეტიდან პასუხს ჩემთან ერთად ელოდებოდა. პარალელურად ჩემს მეგობრებს ინტერნეტით ვესაუბრებოდი და უცებ, ზუსტად ღამის სამ საათზე დავიწყე ყვირილი, რადგან პირველი, რაც კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდა იყო პატარა ფანჯარა ვიდეოთი, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნივერსიტეტში მიმიღეს. ყვირილის გაგონებაზე დედაჩემმა კიბეზე ჩამოირბინა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, რადგან აღმოჩნდა, რომ რაც მჭირდებოდა, იმის გაკეთება შემეძლო! არ არსებობს სიტყვები, რომელსაც ამ მომენტის აღწერა შეუძლია, ამას მხოლოდ მას შემდეგ გაიგებთ, რაც თავად გამოცდით,“ - იხსენებს გიორგი.

ადრეული ბავშვობა რუსეთში გაატარა, შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და სწავლა ზალდასტანიშვილის სახელობის თბილსის ამერიკულ აკადემიაში გააგრძელა. როგორც თავად ამბობს, რუსული განათლების სისტემა მკაცრია:

„გაქვს ერთი მერხი, უნდა იჯდე, ფორმულები, წლები და რიცხვები იზეპირო, თუმცა მათემატიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამ სკოლაში კი მასწავლებლები და მოსწავლეები თანასწორები არიან, რაც საგანმანათლებლო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს ის.

მათემატიკა გიორგი ბექურიძის საყვარელი საგნების ლიდერია, დავალებების შესრულებასა და ამ საგანში სიახლეების მოძიებას დღეში დაახლოებით 4 საათს უთმობს. მიაჩნია, რომ მათემატიკის შესწავლა სახალისოა. ბევრი თავისუფალი დრო არ რჩება, თუმცა დაინტერესებულია ინჟინერიით, ქიმიით, ბიოლოგით, ფიზიკითა და ფილოსოფიით, მოსწონს გაეცნოს, სამყარო როგორ ვითარდება.

„დაინტერესებული ვარ იაპონური ფილოსოფიითაც. ფილოსოფია მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელსაც შეუძლია ახსნას, სამყარო როგორ ფუნქციონირებს. გარდა იაპონური ფილოსოფიისა, მაინტერესებს ნიცშეს ფილოსოფია,“ - აღნიშნავს 17 წლის მოსწავლე.

გიორგი ბექურიძე აშშ-ში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება, ჩასვლიდან ორ კვირაში მიმართულებას აირჩევს, სექტემბერში კი ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის სწავლას აქტიურად შეუდგება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ