17 წლის დოდონა ნამორაძის „იქს ფაქტორში“ გამოსვლამ გულგრილი არავინ დატოვა. მუსიკალურ შესაძლებლობებთან ერთად, საზოგადოება იმ წიგნების რაოდენობამ გააკვირვა, რომლებიც გოგონამ 365 დღის განმავლობაში წაიკითხა. დიდი ხანი არ არის, რაც კონკურსანტის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მანამდე ფილიპინებზე ცხოვრობდნენ, სადაც დოდონას მშობლები სასწავლებლად გაემგზავრნენ. დოდონას უფრო ახლოს გასაცნობად, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
- მოგვიყევი, რატომ გაემგზავრე ფილიპინებზე საცხოვრებლად?
- საქართველოში დაახლოებით 10 თვის წინ ჩამოვედი. ინგლისური სკოლის მოსწავლე ვარ, სადაც სწავლება ქართულ ენაზეა, მაგრამ ინგლისურს გაძლიერებულად გავდივართ. 10 წლიდან ფილიპინებზე ვცხოვრობ. ჩემმა დედამ და მამამ, გადაწყვიტეს, დოქტურანტურაზე ესწავლათ და ეს იყო ჩვენი ფილიპინებზე გამგზავრების მიზეზი. საერთაშორისო კამპუსში ვცხოვრობდით, სადაც ჩვენთან ერთად 67 ქვეყნიდან ჩასული მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები, ოჯახებით იყვნენ დაბინავებულები. მეექვსე კლასიდან მეათე კლასამდე სკოლაში იქ დავდიოდი. სწავლის დასრულების შემდეგ კი, უკვე მთელი ოჯახი საქართველოში დავბრუნდით.
მყავს 13 წლის ძმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ამის გამო დედა მასთან ერთად საქართველოში ჩვენზე ადრე წამოვიდა, მოამზადა თემა და დისერტაციის დასაცავად დაბრუნდა ფილიპინებზე, სადაც მე და მამა უკვე მის გარეშე ვცხოვრობდით. დისერტაციის დაცვის შემდეგ, დედამ მეც საქართველოში წამომიყვანა, მამა დარჩა. დაახლოებით 1 წელი არ მყავდა ნანახი და ძალიან მენატრებოდა, მაგრამ უკვე ისიც დედასავით დოქტორის ხარისხით დაბრუნდა, ჩემ გვერდითაა და მგულშემატკივრობს.
- საქართველოში დაბრუნებულს ყველაზე მეტად რა გეუცხოვათ?
- შეიძლება ითქვას, რომ ფილიპინებზე გავიზარდე, იქ სულ სხვა კულტურა აქვთ, ხალხი გაღიმებული დადის, მხიარულია, აქ ასე არაა. იქაურ სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, კარგი ნიშნები მქონდა, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, არაფერი მესმოდა, მიჭირდა, სანამ სკოლა არ შევიცვალე. ახალი სკოლა ძალიან დამეხმარა, თან ჩემი კლასელები ჩვეულებრივ საუბრობენ ინგლისურად, ერთმანეთში სულ ინგლისურად ვსაუბრობთ, ჩვენი საკომუნიკაციო ენა ესაა. გარდა ამისა, მართლა ძალიან დამაკლდა ჩემი ფილიპინელი მეგობრები, თავიდან ვერ ვეგუებოდი აქაურობას, ერთ სულ იმქონდა, როდის წავიდოდი, მაგრამ ამ 10 თვის მანძილზე ისე შევეჩვიე საქართველოს, ახლა არსად წასვლა აღარ მინდა, სკოლის მეგობრები დამეხმარნენ. ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა, მართლა მომწონს და მიყვარს აქაურობა. ახლა რომ არჩევანის წინაშე დამაყენონ, გამიჭირდება პასუხის გაცემა, სად მირჩევნია ყოფნა.
- შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა შეგიყვარდა საქართველო. რატომ გადაწყვიტე „იქს ფაქტორში“ მონაწილეობა?
- ჩემთვის სიმღერა ყველაფერია. რაც „იქს ფაქტორი“ დაიწყო, ყველა სეზონს აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება. როგორც იქნა, ამიხდა ეს სურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. აქ თუ წარმატება მხვდა წილად, ეს იქნება დიდი მიღწევა ჩემთვის, რადგან სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია.
- იმ ფაქტმა, რომ 365 დღეში 500 წიგნი წაიკითხე, დიდი გაოცება და ინტერესი გამოიწვია. როგორ მოახერხე?
- წიგნების კითხვა სამი წლის ასაკიდან დავიწყე და დღემდე ძალიან მიყვარს. ჩემს თავს მიზანი დავუსახე, რომ ერთი წლის განმავლობაში 500 წიგნს წავიკითხავდი და შევასრულე კიდეც განაგრძეთ კითხვა