"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და დაიწყოს სანქციების აღდგენის პროცესი, მცდარია, - განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.
„იმ პირობებში, როცა ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარებისთვის ფსონს დიპლომატიაზე ვაკეთებთ, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე (JCPOA) უარის თქმა საფრთხეს უქმნის შეთანხმებას, რამაც უზრუნველყო ირანთან იმ შედეგების მიღწევა, რასაც ჩრდილოეთ კორეასთან ვცდილობთ. JCPOA-ზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ამერიკამ ზურგი აქცია თავის მოკავშირეებს და შორდება შეთანხმებას, რომელიც მოწინავე ამერიკელმა დიპლომატებმა, მეცნიერებმა და დაზვერვის სფეროში პროფესიონალებმა შეიმუშავეს“, - აღნიშნა ობამამ.
განცხადებაში ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის შეიარაღების სფეროში მრავალმხრივი შეთანხმება, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი, შეთანხმების შედეგად კი, ირანმა მოახდინა ბირთვული რეაქტორისა და ურანის ცენტრიფუგების ორი-მესამედის დემონტაჟი, ასევე მოიშორა გამდიდრებული ურანის 97%.
„JCPOA-მ დააწესა მკაცრი შეზღუდვები ირანის ბირთვულ პროგრამაზე და შედეგების მიღწევა უზრუნველყო. სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია JCPOA-ს საფრთხის ქვეშ დაყენება, მითუმეტეს, რომ ირანს შეთანხმება არ დაურღვევია. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი არჩევნის წინაშე: ირანმა შეიძლება ბირთვული იარაღი მიიღოს და ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ახალი ომი დაიწყოს“, - განაცხადა ობამამ.