საქართველოში მცხოვრები დედები ხშირად შენატრიან ხოლმე უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ოჯახებს. იქაური განათლების, ჯანდაცვის თუ სოციალური დაცვის პროგრამები ხომ ბევრად ჯობია ჩვენსას და ოჯახიც უფრო დაცულად გრძნობს თავს. გერმანიაში მცხოვრებ დედას ნატო ბეჟანიშვილს იქაურ ყოფა-ცხოვრებაზე ვესაუბრეთ - რა სხვაობას ხედავს საქართველოსთან შედარებით თუნდაც სკოლაში, კლინიკებში ან კვების საკითხებში. ნატოს ბერძენი მეუღლე და ერთი შვილი, 7 წლის ანა ჰყავს, რომელიც პირველ კლასში სწავლობს. ნატო ქართული ენის და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელია, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად საქართველოდან ჯერ საბერძნეთში მოხვდა, იქ გათხოვდა და რამდენიმე წელიწადში გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
- თქვენს შვილს მრავალენოვანი გარემო აქვს გამოცვლილი. რა ენაზე საუბრობთ ოჯახში, ბავშვთან?
- ანამ ბერძნულიც იცის, ინგლისურიც, ქართულიც და გერმანულიც. ქართულად სუფთად ვერ საუბრობს, გერმანული გრამატიკის მიხედვით აწყობს წინადადებებს, მაგრამ ყველაფერი ესმის და ყველაფრის თქმას ახერხებს. ჩვენს სახლში ყოველთვის ცხოვრობს ერთი ნათესავი მაინც საქართველოდან. მათი და ჩემი წყალობით ქართული მაინც არ ავიწყდება.
- ყოფილი მასწავლებელი და პირველკლასელის მშობელი ხართ. ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენი შვილის სკოლაში ისეთი, რაც საქართველოში ვერ ექნებოდა?
- როცა მასწავლებლად ვმუშაობდი, მართლა ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მესწავლებინა ყველაფერი თამაშით და ხალისით. აქ, ჩემი შვილის მაგალითზე მივხვდი, რომ ხალისით სწავლა მართლა შესაძლებელია. ანამ პირველ კლასში ძალიან ბევრი რამე შეითვისა, გამრავლების ტაბულაც კი დააწყებინეს და ბავშვი ვერც კი ხვდება, როგორ შეიძლება მეცადინეობა დაგეზაროს. ამ პროცესში უსიამოვნო მომენტებს თითქმის ვერ ხედავს. ეს მისი განსაკუთრებულობა კი არაა, საერთოდ ასეთი განწყობაა ბავშვებში. ჩემი ძმისშვილებიც პირველკლასელები არიან და თბილისში ცხოვრობენ. მათი მეცადინეობა დაძალების და წუწუნის გარეშე შეუძლებელია. მართალია, საქართველოში ყველა ბავშვი არ იტანჯება სწავლის პროცესით, მაგრამ ეს ამბავი გატაცებისგან და სიამოვნებისგან მაინც შორს დგას. განაგრძეთ კითხვა